30 ნოემბერი 2024,   10:31
ვრცლად
სამარცხვინო, აბსურდული, მონაჩმახი - არასაპარლამენტო ოპოზიცია მმართველი გუნდის ინიციატივაზე

მმართველი გუნდის ინიციატივას საკონსტიტუციო ცვლილების მიღებასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც 2024 წლამდე ნებისმიერი არჩევნები შერეული პრინციპით ჩატარდება, არასაპარლამენტო ოპოზიცია სამარცხვინოს უწოდებს. ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ დღეს "ქართულმა ოცნებამ" ერთგვარად აღიარა, რომ 2020 წლის არჩევნებში ხმების უმრავლესობას ვერ მიიღებს და ცდილობს, ხელისუფლებაში ყოფნის ვადები გაიხანგრძლივოს.

“ეს არის ჩვენი მოსახლეობის მასხრად აგდება, რამეთუ მოსახლეობა და ამომრჩეველი ელოდებოდა პროპორციული არჩევნების ჩატარებას და მათი არგუმენტით, რაც გვესმის, არის რომ მათ ვერ მოახერხეს კონსტიტუციური უმრავლესობის შეკრება, იმისათვის, რომ ეს ცვლილებები მიეღოთ. ახლა თურმე, მათ აქვთ იმედი, რომ შეცვალონ კონსტიტუცია იმისათვის, რომ დააკმაყოფილონ ე.წ. მაჟორიტარების რაღაც ინიციატივა. ეს არის სირცხვილი.“ - აცხადებს საზოგადოებრივი მოძრაობა ”ლელოს” დამფუძნებელი, მამუკა ხაზარაძე.

მმართველი გუნდის მხრიდან ამ ინიციატივის გაჟღერებას დაპირების შესრულებისგან თავის არიდების მცდელობად აფასებს საქართველოს ლეიბორისტული პარტიის პოლიტიკური მდივანი, გიორგი გუგავა.

“ეს მონაჩმახი, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, გათვლილია იმაზე, რომ რამენაირად, თავი აარიდონ იმ დაპირების შესრულებას, იმ ვალდებულებას, რომელიც მათ აღებული აქვთ.“ - აცხადებს გიორგი გუგავა.

”ახალი საქართველოს” თავმჯდომარე , გაერთიანებული ოპოზიციის ”ძალა ერთობაშია” ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ვაშაძე მმართველი გუნდის ინიციატივას "აბსურდულს“ უწოდებს. 

"მათ იციან, რომ წაგებული აქვთ ნებისმიერი ტიპის არჩევნები, რაც არ უნდა ჩატარდეს ამის შემდეგ. აქედან გამომდინარე, ფიქრობენ, რომ რა გააკეთონ იმისთვის, რომ როგორმე ხელისუფლება შეინარჩუნონ. დღევანდელ განცხადებას მე დავარქმევდი აბსურდულს და სულელურ ბჟუტურს. ეს იყო ბჟუტური რაღაცის შესახებ, არარეალური გარემოებების შესახებ, რომელიც საქართველოში ვერასდროს ვერ იქნება.“ – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

”ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის” თავმჯდომარე, ნინო ბურჯანაძე კი ბიძინა ივანიშვილს მოუწოდებს, საზოგადოების ამდენჯერ მოტყუება ცუდად დასრულდება. 

"მინდა გავაფრთხილო ბიძინა ივანიშვილი, ნუ ხართ ილუზიაში. არ შეიძლება მოატყუო ყველა დიდი ხნის განმავლობაში, ერთხელ შეიძლება მოატყუო და გაგივიდეს. არ შეიძლება დასცინო მთელს ქვეყანას როგორც სახელმწიფოს შიგნით, ასევე სახელმწიფოს გარეთ.“ - აცხადებს ნინო ბურჯანაძე.

 

 

 

დღის ამბები