30 ნოემბერი 2024,   11:26
ვრცლად
მოქალაქეებს ხელისუფლების მიერ გამართულ აქციაში მონაწილეობას აიძულებენ - ომბუდსმენი

ომბუდსმენი საქართველოს მოქალაქეთა მიმართ განხორციელებულ სავარაუდო ზეწოლის ფაქტებს ადასტურებს.

სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ აპარატის რწმუნებულებმა სხვადასხვა რეგიონებში გამოკითხეს საჯარო სამსახურში მომუშავე პირები, რომლებმაც დაადასტურეს, რომ ხორციელდება პირდაპირი და ირიბი ზეწოლა 2019 წლის 14 დეკემბერს თბილისში, ხელისუფლების მიერ დაგეგმილ აქციაში მონაწილეობის მისაღებად.

"მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან ერთად, სახალხო დამცველის რწმუნებულებმა საქართველოს რეგიონებში გამოკითხეს მოქალაქეები, რომლებმაც კონფიდენციალობის სრული დაცვის პირობით, სახალხო დამცველის რწმუნებულებს დაუდასტურეს გავრცელებული ინფორმაცია.

კერძოდ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, კახეთის, სამეგრელოს, გურიის, იმერეთის რეგიონებიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ შექმნილი ა(ა)იპ-ების, საგანმანათლებლო დაწესებულებების (ბაღების, საჯარო სკოლების, სამუსიკო სასწავლებლების) თანამშრომლების მიმართ ხორციელდება სავარაუდო პირდაპირი ან ირიბი ზეწოლა და იძულება 2019 წლის 14 დეკემბერს თბილისში დაგეგმილ აქციაში მონაწილეობის მისაღებად. მოქალაქეების განცხადებით, აქციაში მონაწილეობის მიღებაზე უარის შემთხვევაში ხელმძღვანელი პირები სამუშაო ადგილებზე სამომავლოდ პრობლემების შექმნაზე მიანიშნებენ.

საქართველოს სახალხო დამცველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მოქალაქეთა მიმართ განხორციელებული იძულება, მათი ნების საწინააღმდეგოდ მონაწილეობა მიიღონ რაიმე აქციასა თუ ღონისძიებაში და ამ მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში პირდაპირი, თუ ირიბი მინიშნება სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ, სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქართველოს სახალხო დამცველსა და მის რწმუნებულებს მოქალაქეებმა ინფორმაცია კონფიდენციალობის დაცვის პირობით მიაწოდეს, სახალხო დამცველის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის თანახმად, სახალხო დამცველი ამ ეტაპზე მოკლებულია შესაძლებლობას, მიმართოს საქართველოს გენერალურ პროკურატურას კონკრეტულ პირთა მიმართ შესაძლო დანაშაულებრივი ფაქტების გამო გამოძიების დაწყების მოთხოვნით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს ადგილობრივი თვითმართველობის ხელმძღვანელ პირებს და სამსახურების ხელმძღვანელებს, შეწყვიტონ თანამშრომელთა იძულება. პარალელურად, მოვუწოდებთ საგამოძიებო ორგანოებს, განახორციელონ შესაბამისი მოქმედებები და გამოავლინონ შესაძლო პასუხისმგებელი პირები, რომელთა ქმედებაშიც შეიძლება იკვეთებოდეს დანაშაულის ნიშნები.

ასევე, საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს მოქალაქეებს მათ მიმართ შესაძლო იძულების და ზეწოლის განხორციელების შემთხვევაში, მიმართონ სამართალდამცავ ორგანოებს შესაბამისი რეაგირებების განხორციელების მოთხოვნით.

საქართველოს სახალხო დამცველი სრულ მზაობას გამოთქვამს, მოქალაქეთა სურვილის შემთხვევაში, დაეხმაროს მათ საგამოძიებო ორგანოებისათვის მიმართვის პროცესში,"- ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

დღის ამბები