30 ნოემბერი 2024,   11:25
ვრცლად
"გვაქვს მსგავსი პრობლემები - ეს არის ბრძოლა ტერიტორიული მთლიანობისთვის" - გახარიას ვიზიტი უკრაინაში

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია, რომელიც უკრაინაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკისა და უკრაინის რადას თავმჯდომარეს, დიმიტრი რაზუმკოვს შეხვდა.

ზელენსკისა და გახარიას შორის პირველი პირისპირი შეხვედრა დახურულ კარს მიღმა გაიმართა და შეხვედრის დეტალები უცნობი დარჩა.

დღესვე, საქართველოს და უკრაინას შორის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს შექმნის შესახებ დოკუმენტს მოეწერა ხელი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და რადას თავმჯდომარის შეხვედრის მთავარი თემა ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობის საკითხი იყო. დიმიტრი რაზუმკოვმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველო და უკრაინა ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით არსებულ საერთო გამოწვევებს გაუმკლავდებიან.

"ჩემთვის დიდი პატივია, რომ სწორედ მეცხრე მოწვევის პარლამენტში მოხდა თქვენი ვიზიტი. ჩვენს ქვეყნებს ბევრი რამ აერთიანებთ, საერთო მისწრაფებები და გამოწვევები გვაქვს. სამწუხაროდ, გვაქვს მსგავსი პრობლემებიც - ეს არის ბრძოლა ტერიტორიული მთლიანობისთვის. ჩვენმა ისტორიამ დაამტკიცა, რომ შევძლებთ ამგვარ გამოწვევებს გავუმკლავდეთ," - განაცხადა რაზუმკოვმა.

გიორგი გახარიამ ქვეყნების საერთო მისწრაფებებზე ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ უკრაინა და საქართველო ევროპის პოლიტიკური სივრცის ნაწილი გახდებიან.

"ჩვენ გვაერთიანებს ჩვენი სახელმწიფოების ტერიტორიული მთლიანობის საკითხი. დარწმუნებული ვარ, რომ ამ მიმართულებით, ჩვენ ერთობლივად შევძლებთ ძალზედ ეფექტური და შედეგიანი ნაბიჯების გადადგმას. მიხარია, რომ დღეს, ამ ვიზიტის ფარგლებში, ჩვენ მოვაწერთ ხელს უკრაინის და საქართველოს მაღალი დონის საბჭოს შექმნის შესახებ ხელშეკრულებას. სწორედ ასე, ერთად, სტრატეგიული თანამშრომლობის ფარგლებში, ჩვენ უნდა მივისწრაფოდეთ ევროპის მიმართულებით და ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ საქართველო და უკრაინა იყვნენ ევროპული პოლიტიკური სივრცის ნაწილი," - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ამავე თემაზე
დღის ამბები