30 ნოემბერი 2024,   10:38
ვრცლად
პიკეტი, დაპირისპირება და ბოიკოტი - წინააღმდეგობის მიუხედავად, პარლამენტმა უვადო მოსამართლეები დაამტკიცა  

საქართველოს პარლამენტმა უზენაეს სასამართლოში უვადოდ 19 კანდიდატიდან 14 განაწესა. თითოეულ კანდიდატს დეპუტატებმა კენჭი ინდივიდუალურად უყარეს.

14 უვადო მოსამართლის არჩევის პარალელურად, პარლამენტმა დღეს 5 კანდიდატი ჩააგდო. კენჭისყრის შემდეგ კი, გაიმართა ფიცის დადების ცერემონიაც. 

14 უვადო მოსამართლის დამტკიცება პარლამეტში, გაურკვეველი ნივთიერებით ჰაერის დაბინძურების გამო, დარბაზის განიავების შემდეგ 4 საათიანი დაგვიანებით დაიწყო. სესიას პარლამენტის 90 წევრი, 87 უმრავლესობის,  3 კი, დამოუკიდებელი დეპუტატი ესწრებოდა. 

კენჭისყრამდე ერთადერთი დეპუტატი, რომელმაც სესიაზე სიტყვა ითხოვა, ეკა ბესელია იყო. მან ბოლოჯერ მიმართა კოლეგებს და მოუწოდა არ დაეჭირათ მხარი წარდგენილი კანდიდატებისთვის.

კენჭისყრის პროცესს გარე მონიტორიდან პარლამენტის ფოიეში აკვირდებოდნენ სხვა დეპუტატები. მმართველი გუნდი ოპონენტების ბრალდებებს არ იზიარებენ და თვლიან, რომ მათი გადაწყვეტილება სამართლიანი და დაბალანსებული იყო.

მოსამართლედ დასანიშნ კანდიდატებს შორის იყო ყოფილი გენერალური პროკურორი, შალვა თადუმაძე. წარსულში "ქართუ ჯგუფის" იურისტი და "ქართული ოცნების“ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსს 89 დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

უვადო მოსამართლედ დაინიშნა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, საქალაქო სასამართლოს უვადო მოსამართლე გიორგი მიქაუტაძე. ის ე.წ. ჩინჩალაძე-მურუსიძის კლანის წევრად სახელდება. ასევე, გავლენიანი მოსამართლეების ჯგუფის წევრად მიიჩნევა მერაბ გაბინაშვილი მას საკანონმდებლო ორგანოში 86 მხარდამჭერი აღმოაჩნდა. უმრავლესობამ უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ 88 ხმით ლალი ფაფიაშვილი განაწესა. ფაფიაშვილი საზოგადოებას "რუსთავი 2“-ის, "კაბელებისა" და უგულავას საქმიდან ახსოვს.

მოსამართლეების კენჭისყრის შემდეგ, მოულოდნელად, მმართველი გუნდის ერთ-ერთი წევრის გადაწყვეტილება გახდა ცნობილი. ოთარ ჩრდილელმა უმრავლესობის დატოვების შესახებ განცხადება სოციალურ ქსელში დაწერა.

დღესვე, სხდომის დასრულების შემდეგ, იურიდიული კომიტეტის დატოვების შესახებ საკუთარი გადაწყვეტილება გააცნო მედიას ეკა ბესელიამ.

ავტორი: ლელუკა ჯავახიშვილი 

 

დღის ამბები