30 ნოემბერი 2024,   10:41
ვრცლად
რიგი ნომინირებული პირებისა არ წარმოადგენს კვალიფიციურ კანდიდატებს - აშშ-ის საელჩო მოსამართლეებზე

პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უვადოდ არჩევას საქართველოში აშშ-ის საელჩო ეხმაურება.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, საელჩო იზიარებს საერთაშორისო დამკვირვებლებისა და ქართველი ექსპერტების შეფასებას, რომ პროცესი არასაკმარისად გამჭვირვალე იყო და ნომინირებული პირების ნაწილი არ წარმოადგენდნენ საუკეთესო კვალიფიციურ კანდიდატებს:

"ბოლო თვეების განმავლობაში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ყურადღებით აკვირდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესს უვადოდ გამწესებისთვის. მაისში ჩვენ გამოვთქვით წუხილი პარლამენტის მიერ მიღებულ შერჩევის პროცედურებზე, რომელმაც ვერ ასახა ვენეციის კომისიის, ეუთო/ოდირისა და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის მისიების ბევრი რეკომენდაცია. ჩვენ ვიზიარებთ საერთაშორისო დამკვირვებლებისა და ქართველი ექსპერტების შეფასებას, რომ კანდიდატთა შერჩევის შემდგომი პროცესი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში იყო არასაკმარისად გამჭვირვალე, შედეგად, რიგი ნომინირებული პირებისა არ წარმოადგენდნენ საუკეთესო კვალიფიციურ კანდიდატებს.

ნომინირებული კანდიდატების მოსმენები პარლამენტის იურიდიულ კომიტეტში იყო ღია და გამჭვირვალე. მოსმენებისას კანდიდატების გარკვეულმა ნაწილმა ვერ შეძლო საკმარისად წარმოეჩინა იურიდიული ცოდნა ან ერთგულება მიუკერძოებლობისადმი. ჩვენ ვწუხვართ, რომ დღეს პარლამენტის მიერ დამტკიცებულ სიაში ეს ნომინირებული კანდიდატებიც არიან.

სასამართლო დამოუკიდებლობა უზრუნველყოფს კანონის უზენაესობას, არის დემოკრატიის გარანტი და ეკონომიკური ზრდის ქვაკუთხედი. იმისათვის, რომ საქართველოს სასამართლო სისტემამ მოიპოვოს უფრო მეტი ნდობა, ჩვენ ვურჩევთ პარლამენტს და ხელისუფლების შესაბამის წარმომადგენლებს, რომ დამატებითი კანდიდატების შერჩევამდე რეაგირება მოახდინონ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესში დაფიქსირებულ ხარვეზებზე. ამასთან, იმ მღელვარების გათვალისწინებით პარლამენტში, რაც თან ახლდა დღევანდელ კენჭისყრას, მოვუწოდებთ ყველა მხარეს, რომ შეინარჩუნონ სიმშვიდე და იმოქმედონ თავაზიანობისა და კონსტრუქციულობის ფარგლებში,"- აღნიშნულია განცხადებაში.

დღის ამბები