30 ნოემბერი 2024,   10:50
ვრცლად
ჟენევის დიალოგის მორიგი რაუნდის შემდეგ ქართული დელეგაცია სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებს შეხვდა

ჟენევის მოლაპარაკებების 50-ე რაუნდის დასრულების შემდეგ ქართული დელეგაცია გაეროს ოფისში სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებს შეხვდა. ყველა შეხვედრაზე ერთ-ერთი მთავარი გზავნილი იყო, რომ ოკუპანტების ტყვეობაში მყოფი ქართველი ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების პროცესი უნდა დაჩქარდეს. შეხვედრაზე ასევე მიმოიხილეს ის პრობლემები და ადამიანის უფლებების დარღვევების ფაქტები, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიაზეა.

გაეროს ჟენევის ოფისში ფინეთის მუდმივმოქმედი წარმომადგენლის ტერჰი ჰაკალას თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ ღიად ისაუბროს იმ ჰუმანიტარულ პრობლემებზე, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზეა შექმნილი. ტერჰი ჰაკალას განცხადებით, მალე უნდა დასრულდეს ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით შექმნილი სამწუხარო სიტუაციაც.

ქართველ ხალხს მხარდაჭერას უცხადებს პოლონეთის წარმომადგენელი ზბიგნევ ჩეჰი, მისი თქმით, ექიმის დაკავება საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეში დარღვევაა:

"ჩვენ ვგმობთ ამას და საერთაშორისო ორგანიზაციებში განგაშის გზავნილს ვუშვებთ, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ასეთი საშინელი ფაქტები ხდება და ეს უნდა შეწყდეს," - აცხადებს ზბიგნევ ჩეჰი.

აზერბაიჯანის წარმომადგენლის ვაქიფ სადიქოვის განცხადებით, საქართველოს პრობლემები აზერბაიჯანის პრობლემაცაა, რადგან ეს ორი ქვეყანა სტრატეგიული პარტნიორია.

"საქართველო ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია, ამიტომ საქართველოს პრობლემები ჩვენი პრობლემებიც არის, კონფლიქტის ზონაში არსებული ვითარებით შეშფოთებულები ვართ, თუმცა საქართველო ძალისხმევას არ იშურებს მის მოსაგვარებლად," - განაცხადა აზერბაიჯანის წარმომადგენელმა.

ქართული დელეგაციის წევრების თქმით, საქართველოს აქვს საერთაშორისო პარტნიორების  უპრეცენდენტო მხარდაჭერა და იმედოვნებენ, რომ ეს მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დადასტურდება მარტში გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოზე წარდგენილ რეზოლუციაში, სადაც ბოლო პერიოდში ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაფიქსირებული ფაქტები იქნება ასახული.

გაეროს ჟენევის ოფისში საქართველოს მუდმივმოქმედი წარმომადგენლის ვიქტორ დოლიძის თქმით, ის მადლიერია ყველა დელეგაციის, რომელმაც მხარდაჭერა გამოხატა და იმედი გამოთქვა, რომ მხარდაჭერა ექნება რეზოლუციასაც, რომელშიც მოთხოვნილი იქნება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მონიტორინგის შეღწევა და სიტუაციის ადგილზე დაფიქსირება.

ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა საერთაშორისო მექანიზმების ამოქმედებას უსვამს ხაზს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალიაც:

"ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებათა მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით ადგილზე ადამიანის უფლებათა საერთაშორისო მექანიზმების ამოქმედება და ამ თვალსაზრისით ასეთ შეხვედრებს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ჩვენ გავაცანით რიგ საკითხებთან დაკავშირებით ინფორმაცია დაწყებული ბორდერიზაციით, გადაადგილების შეზღუდვით, უკანონო დაკავებებით,"- აღნიშნა დარსალიამ.

ჟენევის მოლაპარაკებების 50-ე რაუნდი კვლავ უშედეგოდ დასრულდა, მხარეები ფუნდამენტურ საკითხებზე ვერ თანხმდებიან, რუსეთი მხარეებად ცხინვალისა და აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმების ჩართვას ითხოვს, ქართული მხარე ამას გამორიცხავს და აცხადებს,რომ 2008 წლის ომის მხარე რუსეთი იყო.

დღის ამბები