30 ნოემბერი 2024,   10:37
ვრცლად
გიგი უგულავა თავდასხმას ბიძინა ივანიშვილს უკავშირებს

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა მასზე და მის თანაპარტიელზე, გოკა გაბაშვილზე მომხდარ თავდასხმას "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს უკავშირებს.

უგულავამ განაცხადა, რომ მიემგზავრებოდა ლარნაკაში, სადაც ბიძინა ივანიშვილის მიერ რუსეთში ცხოვრებისას დაგეგმილ მკვლელობებსა და ფულის გათეთრების ფაქტებს უნდა გასცნობოდა. 

"ჩვეულებრივი ჩხუბი იყო, როდესაც 2 კაცი 2 კაცთან ჩხუბობდა, უბრალოდ ისინი უფრო სპორტულები იყვნენ ვიდრე ჩვენ. მათი დაზიანების შესახებ არ ვიცი, რაღაცა დაზიანებები, ბუნებრივია, მათაც მიიღეს. რამდენიმე დღით მივდიოდი მე ლარნაკაში, მქონდა შეხვედრა რამდენიმე სხვა ქვეყნის მოქალაქესთან და პირდაპირ გეტყვით, რომ ზუსტად ამას ვუკავშირებ.

საქმე ეხება ივანიშვილის "საგმირო საქმეებს" მაშინ, როდესაც ის რუსეთში იყო. საუბარია შეკვეთილ მკვლელობებზე, ფულის გათეთრებაზე, მე უნდა გავცნობოდი ამას და, შესაბამისად, როგორც ჩანს, ივანიშვილმა ეს გაიგო და მოაწყვეს ეს სამასხარაო ჩხუბი აეროპორტის დახურულ ზონაში,"- განაცხადა გიგი უგულავამ.

შეგახსენებთ, რომ "ევროპული საქართველოს" წევრებზე, გიგი უგულავასა და გოკა გაბაშვილზე, განხორციელებული თავდასხმის თაობაზე 5-საათიანი გამოკითხვა ცოტა ხნის წინ დასრულდა. 

"ევროპული საქართველოს" წევრების ინფორმაციით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მათ თავს ორი უცნობი პირი დაესხა. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება 126-ე, ძალადობის მუხლით დაიწყო. 

დღის ამბები