30 ნოემბერი 2024,   11:32
ვრცლად
ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმეზე საგარეო უწყებაში გერმანიის ელჩთან შეხვედრაზე ისაუბრეს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, ვახტანგ მახარობლიშვილი საქართველოში გერმანიის ელჩს ​ჰუბერტ ქნირშს შეხვდა.

ელჩთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის მიმდინარე აქტუალურ თემებს, ორმხრივ ურთიერთობებს, განხორციელებულ ვიზიტებსა და ახლო მომავალში დაგეგმილ ღონისძიებებს. შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმე იყო.

გერმანულმა მხარემ ქართულ მხარეს გამოძიების მიმდინარეობასთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა.

"ჩემს ქართველ კოლეგასთან საკმაოდ ნაყოფიერი საუბარი მქონდა. განვიხილეთ ორმხრივი ურთიერთობები, მისი ბერლინში განხორციელებული ვიზიტი. განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებას. ეს გერმანიის მხარის გამოძიებაა, თუმცა აღნიშნული საკითხი ორივე ქვეყნის ინტერესებში შედის. მინისტრის პირველ მოადგილეს მივაწოდე ინფორმაცია, რომ გერმანიის ხელისუფლების დასკვნის თანახმად, არსებობს ეჭვი, რომ აღნიშნული საქმე სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული დანაშაულია და გამოძიება ამაზე დაყრდნობით გრძელდება," - განაცხადა ჰუბერტ ქნირშმა.

ვახტანგ მახარობლიშვილის თქმით, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით ქართულ მხარეს რეგულარულად აქვს კომუნიკაცია გერმანულ მხარესთან, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის, ასევე შესაბამის უწყებებს შორის.

დღის ამბები