30 ნოემბერი 2024,   10:26
ვრცლად
ქიბარ ხალვაში განცხადებას ავრცელებს

ტელეკომპანია "რუსთავი2"-ის მფლობელი ქიბარ ხალვაში სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას განცხადებით ეხმაურება:

"დღევანდელი გადაწყვეტილება, არა მხოლოდ ჩემი, არამედ "რუსთავი2"-ის ყველა გულშემატკივრის გამარჯვებაა. დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ნაციონალური მოძრაობის მიერ შექმნილ ნარატივს, რომ ქართული სასამართლო "რუსთავი2"-ის საქმესთან დაკავშირებით მიკერძოებული იყო, სიმართლესთან კავშირი არ აქვს და ეს, მხოლოდ მათი პოლიტიკური პროპაგანდის ნაწილი იყო. "რუსთავი 2"-ის საქმეზე მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დაცული არც ერთი უფლება არ დარღვეულა.

ბოლო წლების განმავლობაში, მას შემდეგ, რაც მივმართე სასამართლოს "რუსთავი 2"-ის წილების დაბრუნების მოთხოვნით, ჩემს მიერ წარმოებულ დავასთან დაკავშირებით საზოგადოებამ მოისმინა უამრავი ტყუილი, რაც  სამწუხაროდ, სწორედ "რუსთავი2"-ის ეთერით ვრცელდებოდა. დღეს ყველა დარწმუნდა, რომ განცხადებები სასამართლოს მიკერძოებულობასთან, მხარის უფლებების შეზღუდვასთან, სახელმწიფოს ჩარევასთან დაკავშირებით ტყუილი აღმოჩნდა, რომ არაფერი ვთქვათ სტრასბურგის სასამართლოში გადაწყვეტილების გამომტანი პალატის მოსამართლეების დისკრედიტაციის მიზანმიმართულ მცდელობებზე.

თითქმის ხუთი თვეა გასული მას შემდეგ, რაც სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ბოლომდე გაიზიარა და ტელეკომპანია "რუსთავი 2" კანონიერ მფლობელს დაუბრუნდა.  ამას მოჰყვა არხისათვის ძალიან მტკივნეული პროცესი, როდესაც, რამდენიმე ათეულმა ჟურნალისტმა ტელეკომპანია დატოვა. ამის შემდეგ, ნათელი გახდა, რომ "რუსთავი 2"-ის ყოფილი გენერალური დირექტორი, მიზანმიმართულად ანგრევდა "რუსთავი 2"-ს, არხის ქონებას პირადი კომფორტის შესაქმნელად და საკუთარი გარემოცვისთვის სარგებლის მისაღებად ანიავებდა. ცხადი გახდა, რომ ნიკა გვარამიასთვის, "რუსთავი 2" მხოლოდ სხვისთვის წართმეული იარაღი იყო, რომელსაც ნაციონალური მოძრაობის პროპაგანდის ინსტრუმენტად იყენებდა, ამის პარალელურად კი, 2015 წლიდან ახალი არხის შესაქმნელად საფუძველს ამზადებდა, რადგანაც იცოდა, რომ ადრე თუ გვიან, სამართალი აღსრულდებოდა და "რუსთავი 2" მის კანონიერ მფლობელს დაუბრუნდებოდა.

მე და ჩემს გუნდს, სწორედ, ამ ვითარებაში მოგვიწია ტელეკომპანიის გადაბარება. ჩვენ მივედით ვალებში ჩაძირულ არხზე, სადაც განადგურებული იყო ტელეკომპანიის ფინანსური მდგრადობა და განიავებული იყო ქონება.

ჩვენ ურთულეს ვითარებაში დავიწყეთ ტელევიზიის ხელახლა მშენებლობა. არხის თითოეული თანამშრომლის თავდაუზოგავი მუშაობით, აუცილებლად კიდევ ერთხელ შევქმნით იმ "რუსთავი 2"-ს, რომლის თითოეულ გადაცემას ელოდა ჩვენი ქვეყნის მთელი მოსახლეობა.

საზოგადოებას კარგად ახსოვს, რომ 2017 წლის მარტში, როდესაც სტრასბურგის სასამართლომ  დროებითი ღონისძიება გამოიყენა, მე წერილობით მივეცი პირობა სასამართლოს, რომ არ ვაპირებდი ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევას და ჟურნალისტების საქმიანობის შეზღუდვას. ეს პირობა არაერთხელ გავიმეორე, დავპირდი არხის ჟურნალისტებს და სხვა თანამშრომლებს. იმედი მაქვს, საზოგადოება ხედავს, რომ ჩემი პირობის ერთგული დავრჩი. მაყურებელი ხედავს, რომ არხმა შეინარჩუნა კრიტიკულობა, ამასთანავე, პარტიული დავალებებისგან გათავისუფლებული, არ ავრცელებს გადაუმოწმებელ ინფორმაციას და არ ახდენს ფაქტებით მანიპულაციას.

მე ჩემი პირობის ერთგული ვრჩები - "რუსთავი 2" არის და იქნება ყველაზე ობიექტური, თუმცა ამავდროულად კრიტიკული, საუკეთესო არხი საქართველოში, რომელიც არა ვინმეს პროპაგანდისტული იდეების გამტარი, არამედ ღირებულებების გარშემო გაერთიანებული ოჯახი იქნება."- ნათქვამია განცხადებაში.

დღის ამბები