30 ნოემბერი 2024,   10:51
ვრცლად
ბაგა-ბაღებისთვის განკუთვნილი ვადაგასული ხორცი - ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

ვადაგასული ხორცი ეტიკეტისა და საბუთების გარეშე დღეს დილით გურიისა და აჭარის საბავშო ბაღებში უნდა შესულიყო. ბაღებს საკვები პროდუქტით შპს "სოფო" ამარაგებს. კომპანიის წარმომადგენლები დარღვევებს არ აღიარებენ და პასუხისმგებლობას გაურბიან.

სარეალიზაციოდ გამზადებულ ვადაგასულ ხორცს სურსათის უვნებლობის სააგენტომ ოზურგეთის სოფელ დვაბზუში ერთ-ერთ ნაქირავებ ფართში მიაგნო და ოფისი დალუქა. 

ტენდერში გამარჯვებული შპს "მანუჩარი", რომლის ქვეკონტაქტორიც შპს "სოფოა," მსგავი დარღვევების გამო ერთხელ უკვე დაჯარიმდა, თუმცა ამის შემდეგ კომპანიამ არაერთ ტენდერში მიიღო მონაწილეობა.

როგორც ოზურგეთის ბაღების სააგენტოში ამბობენ, მათ შპს "მანუჩარი" ამარაგებთ. მათივე თქმით, გურიაში ხორცი და საკვები პროდუქტები აუცილებელი დოკუმენტაციით, ასევე ვიზუალურადაც მოწმდება.

შპს "სოფოს" შესახებ ინფორმაცია არ აქვთ ქობულეთის ბაღების სააგენტოში. თუმცა, დღეს დილით სააღმზრდელო დაწესებულებაში საკვები პროდუქტი არ შეუტანიათ და ამბობენ, რომ ჯერ ხორცის 2 დღის მარაგი აქვთ და მეტი დამაჯერებლობისთვის "კურიერის" გადამღები ჯგუფი სამზარეულოშიც შეიყვანეს.

მშობლების თქმით კი, ბაღებში კვების პრობლემები ბავშვებს არ აქვთ.

ადამიანის სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისთვის საშიში პროდუქტების დამზადებისა და რაელიზაციის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება უკვე დაიწყო.

შპს "სოფოს" საწარმოო პროცესის განხორცილების უფლება ოფიციალურად ამ დრომდე შეჩერებული არ აქვს. 

 

დღის ამბები