30 ნოემბერი 2024,   10:30
ვრცლად
ქისტები სისხლის აღების თავიდან აცილებას ცდილობენ - 27 ნოემბერს მომხდარი მკვლელობა სახალხო კრებაზე განიხილეს

პანკისში  მომხდარი სისხლიანი გარჩევის შემდეგ ვნებათაღელვა ჯერ არ განელებულა. ჯოყოლოს მეჩეთთან ხეობის მოსახლეობა დღეს სპეციალურად ამ თემაზე სასაუბროდ შეიკრიბა, მხოლოდ ერთი განსხვავებით - სახალხო კრებას ქავთარაშვილების წარმომადგენლები და უხუცესები არ ესწრებოდნენ.

როგორც პანკისში ამბობენ, სანამ ვისო მუთოშვილის მკვლელობის ზუსტი მიზეზი არ დადგინდება, მისი მკვლელის გვარი კრებებს ვერ დაესწრება. მკვლელობის საქმის განხილვისას ვერც ერთმა მხარემ ვერ გასცა იმის გარანტია, რომ დანაშაული არ განმეორდება.

ჯოყოლოში შეკრებილების ნაწილი უხუცესთა საბჭოს მუშაობით უკმაყოფილოა. ხეობის მაცხოვრებლების ნაწილი იმასაც ამბობს, რომ 27 ნოემბერს მომხდარი მკველობა თავიდან სწორედ უხუცესებს უნდა აერიდებინათ, რაც ვერ შეძლეს. ხეობაში ახალი საბჭოს არჩევაზე უკვე ღიად ალაპარაკდნენ, თუმცა როდის მოხდება ეს, არ დაუკონკრეტებიათ.

სახალხო კრების წევრების ბრალდებებს და უხუცესთა საბჭოს გადარჩევის ინიციატივას, რომელიც 6 წელია ახალი შემადგენლობით მუშაობს, მხოლოდ ერთი წევრი გამოეხმაურა. ზაურ გუმაშვილი ახალი, პარალელური საბჭოს არჩევის წინააღმდეგი არ არის და ამბობს, რომ უხუცესების წინააღმდეგ რამდენიმე პირი  არასწორ ინფორმაციას სპეციალურად ავრცელებს.

უხუცესების საბჭოს არჩევამდე პანკისში ამბობენ, რომ შეხვედრები ადგილოლბრივებს შორის კიდევ გაიმართება. ხეობაში ცდილობენ, როგორმე მორიგი სისხლიანი დაპირისპირება თავიდან აიცილონ.

ახალი კრება, სავარაუდოდ, ისევ ჯოყოლოში გაიმართება. მორიგ შეხვედრაზე კვლავ არ იქნებიან მკვლელობაში ბრალდებულის გვარის წარმომადგენლები და უხუცესები.

დღის ამბები