30 ნოემბერი 2024,   10:38
ვრცლად
დავით გარეჯში ტრანსსასაზღვრო ტერიტორიის შექმნის ინიციატივას საპატრიარქო ეწინააღმდეგება

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ვითარებას საქართველოს საპატრიარქო დღეს განცხადებით გამოეხმურა.

"გვინდა გულისტკივილით აღვნიშნოთ, რომ კვლავ გადაუჭრელად რჩება დავით გარეჯის კომპლექსში შემავალ "უდაბნოსა“ და "ჩიჩხიტურის" მონასტერთა საკითხი. 

ბუნებრივია, შექმნილი ვითარებიდან ყველას სურს გამოსავლის პოვნა. ერთ-ერთ მცდელობად უნდა განვიხილოთ ახლახან საინიციატივო ჯგუფის მიერ გაჟღერებული იდეა, რომელიც  აღნიშნული მონასტრების პრობლემის მოგვარების გზად საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის, ამ გეოგრაფიულ  ზონაში ტრანსსასაზღვრო ტერიტორიის შექმნას მიიჩნევს.

ამგვარი მოდელი შეიძლება დადებითად აღქმული ყოფილიყო იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფოთა შორის ტერიტორიული კუთვნილობის საკითხთან მიმართებაში ისტორიულად, კულტურულად, იურიდიულად და კარტოგრაფიულად  იქნებოდა ბუნდოვანება.

"უდაბნოსა" და "ჩიჩხიტურის" მონასტრებთან დაკავშირებით კი არცერთ ზემოთჩამოთვლილ კატეგორიაში მსგავსი პრობლემა არ არის;  ამ წინადადების შეთავაზებით კი, ფაქტიურად, ჩვენს ხელთ არსებულ დოკუმენტებს უგულვებელვყოფთ და აღნიშნული ტერიტორიის საქართველოს კუთვნილებას ეჭქვეშ ვაყენებთ.

ამიტომაც, საქართევლოს ეკლესია მხარს ვერ დაუჭერს წამოყენებულ ინიციატივას.

ჩვენ კვლავაც მოთმინებით ველოდებით არსებული პრობლემის სამართლებრივ ჭრილში გადასვლას და 2019 წლის 15 ივლისამდე არსებული სტატუს-კვოს აღდგენას.

იმედი გვაქვს, ჩვენს ერებს შორის ჩამოყალიბებული კეთილმეზობლობის ტრადიცია თავის დადებით შედეგს გამოიღებს და მშვიდობას ალტერნატივა არ ექნება," - ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში. 

დღის ამბები