სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ლაშა ბექაურის მიმართ პოლიციელების მხრიდან შესაძლო ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.
ამის შესახებ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის განცხადებაშია აღნიშნული.
„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტში, მიმდინარე წლის 8 დეკემბერს, სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, სპორტსმენ ლ.ბ.-ს მიმართ პოლიციელების მხრიდან განხორციელებული შესაძლო ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333 -ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით დაიწყო, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს. სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება“, - აღნიშნულია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ძიუდოისტმა ლაშა ბექაურმა სოციალურ ქსელში წერილი გაავრცელა, რომელშიც სამართალდამცველები ცემაში დაადანაშაულა.
შსს-ში კი აცხადებენ, რომ ბექაურის მიმართ გამოძიება დაუმორჩილებლობისა და ხულიგნობის მუხლებით მიმდინარეობს.