30 ნოემბერი 2024,   10:31
ვრცლად
ავლაბარში 11 ოჯახი მუნიციპალიტეტს სახლების ფასადების დაზიანებაში ადანაშაულებს 

ანა დოლიძე ავლაბარში ბადიაურის 25 ნომერში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა. 11 ოჯახი ირწმუნება, რომ მუნიციპალიტეტმა რეაბილიტაციის დროს ფასადი დაუზიანა და ხალხი ავარიულ შენობაში დატოვა.

მათი განცხადებით, ბოლო 5 თვეა სამუშაოს გაგრძელებას ითხოვენ, თუმცა უშედეგოდ. რაიონის გამგებლის განცხადებით, ამ შენობის აღდგენა ამხანაგობის პროგრამით ხორციელდებოდა, რომლის საფუძველზეც გამგეობა მხოლოდ თანხას იხდის. რეაბილიტაციის პროექტირება და სამშენებლო კომპანიის მოძიება კი კერძო მესაკუთრეების ვალდებულებაა.

ერთ-ერთი მოსახლე ამბობს, რომ გამაგრებითი სამუშაოები უხარისხოდ გაკეთდა და პირველივე დღეს ჩამოიშალა კედლები.

"შარშან ძლივს მოაბეს თავი, რომ გაემაგრებინათ. აბსოლუტურად ყველა საბუთი წესრიგში იყო, ჩაიბარეს და გამოაცხადეს ტენდერი, დაიქირავეს სამშენებლო კომპანია, მოვიდნენ, პირველ დღეს რაღაც ფიცრები გამოიტანე და მეორე დღეს დაიწყეს რეალურად გამაგრებითი სამუშაოები. და პირველივე საღამოს ჩამოინგრა, ჩამოინგრა ისე, რომ ჩემი ოჯახის 5 წევრი, მცირეწლოვანი შვილები და იყვნენ ამ სახლში და კალათებით გამოიყვანეს. მეხუთე თვე გახდება 12 დეკემბერს,"- განაცხადა ერთ-ერთმა მაცხოვრებელმა.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე აღნიშნავს, რომ პასუხისმგებლობის აღება საკუთარ თავზე ვიღაცას აუცილებლად მოუწევს.

"წარმოუდგენელიც კია, რომ ამ შენობაში დღემდე ადამიანები და ბავშვები ცხოვრობენ. ვიღაცას მოუწევს პასუხისმგებლობის აღება იმაზე, რომ 7 თუ 8 ოჯახი კვლავაც იმყოფება ყოველდღიური საშიშროების ქვეშ. ცალკე საკითხავია, როგორ ჩამოინგრა ეს შენობა და რატო იყო მისის გამაგრების დასკვნა დადებული,"- განაცხადა ანა დოლიძემ.

თბილისის ისნის რაიონის გამგებელი კახა ლაბუჩიძე "კურირთან" სატელეფონო საუბრის დროს აღნიშნავს, რომ გამგეობა ამ ოჯახების გვერდზე დგას და ეხმარება.

"აღნიშნულ მისამართზე გამგეობის მიერ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წესის მიხედვით განხორციელდა სახლის გამაგრება. რაც შეეხება პროექტს, დამოწმება ექსპერტიზის მიერ იყო ამხანაგობის გასაკეთებელი, მათ წარმოადგინეს ეს და როდესაც დაიწყო გამაგრებითი სამუშაოები, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ, მოხდა სახლის ჩამოშლა. პირველი წუთიდან გამგეობა დგას ამ ოჯახების გვერდზე და ამ ამხანაგობას აქვს სრული უფლება აირჩიოს სამართლებრივი გზა. გამგეობა ამ შემთხვევაში არის მხარე, რომელმაც მხოლოდ პროექტი დააფინანსა,"- განაცხადა კახა ლაბუჩიძემ.

დღის ამბები