30 ნოემბერი 2024,   10:48
ვრცლად
აფეთქება ფიროსმანის ქუჩაზე - დაშავებულებს სახის და ხელების დაზიანება, ასევე ტვინის შერყევა აღენიშნებათ

ფიროსმანის ქუჩაზე, ბენზინგასამართ სადგურზე მომხდარი აფეთქებისას დაშავებულთა მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ხანძრის შედეგად დაშავებული 3 მამაკაცი დამწვრობის ცენტრშია გადაყვანილი, 2 მათგანი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

"სამივეს აქვს სახე და ხელები დაზიანებული, 2 რეანიმაციაშია, შესაძლოა იყოს სასუნთქი გზების დაზიანება, რომელზეც უკვე მუშაობენ ექიმები," - განაცხადა მორიგე ექიმმა გიორგი დავლიანიძემ.  

რაც შეეხება დაშავებულ არასრულწლოვანს, ის  ციციშვილის კლინიკაშია გადაყვანილი და მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

"აღენიშნება სახის არეში მრავლობითი ექსკორიაციები, სხვა ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია," - აღნიშნა ყბა-სახის ქირურგმა გიორგი ადიკაშვილმა.

ინტრაკრანიალური ტრავმა და მრავლობითი ექსკორიაციები აღენიშნება 68 წლის ქალს. ექიმ-რეანიმატოლოგის თქმით, მას თავის ტვინის შერყევის დიაგნოზი დაესვა. ის ნევროლოგიურ დეპარტამენტში მოათავსეს და მისი ზოგადი მდგომარეობა სტაბილურია.

რამდენიმე საათის წინ ბენზინგასამართ სადგურ "სენტასთან"  აფეთქების შედეგად  ძლიერი ცეცხლი და დაკვამლიანება მიმდებარედ არსებული მაღაზიის 2 ოთახში გავრცელდა.

მომხდარის შედეგად დაშავდა 5 პირი, მათ შორის - 1 ქალი, 1 არასრულწლოვანი და 3 მამაკაცი.

დღის ამბები