30 ნოემბერი 2024,   10:27
ვრცლად
მორიგი სკანდალი ეკლესიაში - ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ ბერს სასულიერო პირების შუამდგომლობის მიუხედავად, პატიმრობა შეეფარდა

ბერ-მონაზონი და ნარკოტიკები - კიდევ ერთი გახმაურებული საქმე და მორიგი სკანდალი ეკლესიის წიაღში. ათონის მთიდან ზუგდიდში დაბრუნებული და ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული სასულიერო პირი დღეს  ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.

მოსამართლე ირაკლი აფშილავამ პროკურატურის შუამდგომლობა შესაძლო დანაშაულის სიმძიმის გათვალისწინებით დააკმაყოფილა, რაც იმას ნიშნავს, რომ მღვდელმსახურს ორთვიანი პატიმრობის გატარება წინასწარი დაკავების იზოლატორში მოუწევს.

ბერ-მონაზონს საპატრიარქომ არ უშუამდგომლა, სამეგრელოს ეპარქიამ მხოლოდ ლოცვების გაძლიერება დააანონსა, თუმცა, მიუხედავად ამისა, 32 წლის სიმონ ქავთარაძეს სხვადასხვა ეპარქიაში მხარდამჭერები მაინც აღმოაჩნდა.

30 წლის მღვდელმსახურს, გათავისუფლების სანაცვლოდ, თავდებში დღეს რამდენიმე ადგილობრივი სასულიერო პირი დაუდგა. მათ შორის იყო მამა იოსები. ის ფაქტით გაკვირვებულია და მამა სიმონს დამნაშავედ არ მიიჩნევს.

20 000 ლარიან გირაოს და ბრალდებულის სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლებას ითხოვდა დღეს მამა სიმონ ქავთარაძის ადვოკატი. ჯიტა გულუასთვის მოსამართლის გადაწყვეტილება გაუგებარია. უფლებადამცველი მიიჩნევს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის დახასიათება და სასულიერო პირების თავდებობა მამა სიმონის გათავისუფლებისთვის საკმარისი წინაპირობა უნდა გამხდარიყო.

"არსებობდა დაკავებულის მიმალვისა და მტკიცებულებების გაქრობის საფრთხე" - ასე ახსნა პროკურორმა მარიამ ქორიძემ პატიმრობის შუამდგომლობა. საგამოძიებო უწყებაში აცხადებენ, რომ დანაშაულის სიმძიმიდან გამომდინარე, წინასწარი პატიმრობა უალტერნატივო გადაწყვეტილებაა.

ზუგდიდში ნარკოდანაშაულის ბრალდებით რომან მალანია ნოემბერში დააკავეს. მამა სიმონ ქავთარაძე კი სამართალდამცველებს 2 დეკემბერს საკუთარი ნებით ჩაბარდა.

თავდაპირველად მალანია ირწმუნებოდა, რომ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება მას ეკუთვნოდა, თუმცა მას შემდეგ, რაც ბერ-მონაზონი აღიარებითი ჩვენებით პოლიციას ჩაბარდა, დაკავებულმა მალანიამ პირველი ჩვენება შეცვალა.

გამოძიება სს კოდექსის 260-ე მუხლით დაიწყო, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო დამზადებას, შეძენას ან გასაღებას გულისხმობს.

დღის ამბები