30 ნოემბერი 2024,   10:53
ვრცლად
"ბომბზე ვზივართ..მაღაზიის გამყიდველია დაშავებული, ბავშვები, გამვლელი ხალხი" - ფიროსმანის ქუჩაზე აფეთქებისას 5 ადამიანი დაშავდა

ბენზინგასამართ სადგურზე, სადაც ცოტა ხნის წინ აფეთქების შედეგად ხანძარი გაჩნდა, მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლის ლიკვიდირება მოახერხეს. ადგილზე დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში 9 სამაშველო ჯგუფი მუშაობდა.

ადგილობრივების თქმით, აღნიშნული  ბენზინგასამართი სადგური წესების დარღვევით მუშაობდა და პრობლემები ადრეც შეიქმნა, რის გამოც მათ ქალაქის მერიას არაერთხელ მიმართეს.

შემთხვევის შედეგად  5 ადამიანი დაშავდა. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. როგორც ადგილობრივი მაცხოვრებლები აცხადებენ, დაშავებულთა შორის არიან ბავშვები, გამვლელი ადამიანები და ახლოს მდებარე მაღაზიის გამყიდველი.

"ბენზინს ასხამდნენ და აფეთქდა... მერამდენედ ხდება, წინაზე აფეთქდა და თვითონ მეპატრონე დაიწვა. ახლა მაღაზიის გამყიდველია დაშავებული, ბავშვები არიან დაშავებული, გამვლელი ხალხი და ჩვენ კიდევ ეზოში ვზივართ ბომბზე," - აცხადებს ადგილობრივი მაცხოვრებელი.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ბენზინგასამართ სადგურ "სენტასთან"  აფეთქების შედეგად  ძლიერი ცეცხლი და დაკვამლიანება  მიმდებარედ არსებული მაღაზიის 2 ოთახში გავრცელდა.

მომხდარის შედეგად დაშავდა 5 პირი, მათ შორის - 1 ქალი, 1 არასრულწლოვანი და 3 მამაკაცი, რომლებიც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 240-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

დღის ამბები