30 ნოემბერი 2024,   10:45
ვრცლად
ე.წ. ამბოხებული მაჟორიტარები გაჯიუტდნენ - უმრავლესობის ლიდერი გუნდში ცხარე კამათს და სერიოზულ აზრთა სხვადასხვაობას ადასტურებს

მმართველ გუნდში საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით რადიკალური აზრთა სხვადასხვაობაა. უმრავლესობის უმრავლესობა კატეგორიულად არ ეთანხმება ე.წ. ამბოხებული მაჟორიტარების ინიციატივას სრულად მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით.

მათი თქმით, ამისთვის ქვეყანაში არც პოლიტიკური და არც სამართლებრივი რესურსი არ არსებობს.

"გიდასტურებთ, რომ არის სერიოზული აზრთა სხვადასხვაობა, ცხარე კამათიც, მაგრამ შეუძლებელია მე ვინმემ დამარწმუნოს, რომ მაჟორიტარულ სისტემაზე უნდა გადავიდეთ, არ მიმაჩნია ეს რაციონალურად და სერიოზულად. არ მიმაჩნია, რომ ამ თემაზე მსჯელობაც კი უნდა გავაგრძელოთ. ითხოვენ ეს ადამიანები ჯიუტად, გასაგებია, მაგრამ ჩვენ რაღაცაზე უნდა შევჯერდეთ, ცოტა მძიმე სიტუაციაა, პოლიტიკურად დაძაბული და ამ დროს ასეთი საკითხების დაყენება არ მგონია სწორი იყოს. მით უმეტეს, როცა კურსის აბსოლუტურ შეცვლას ეხება, მაჟორიტარულ სისტემაზეა საუბარი," - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.

თანაგუნდელების გაჯიუტებაზე საუბრობს იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილიც. მისი თქმით, მსგავსი საარჩევნო ცვლილება არც ერთი ასპექტით არ არის მიზანშეწონილი.

"მართალია, ისინი ჩვენი კოლეგები და მეგობრები არიან, მაგრამ შეინიშნება ნიშნები, რომ გაჯიუტდნენ და პრინციპულად მიდიან ამ პოზიციაზე. მე ვრჩები პრინციპულად ჩემს პოზიციაზე, რომ არც პოლიტიკურ სიტუაციაში და არც სამართლებრივად არ არის მიზანშეწონილი აღნიშნულ საარჩევნო ცვლილებაზე საუბარი,"- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

 

ავტორი:  ლელუკა ჯავახიშვილი

დღის ამბები