30 ნოემბერი 2024,   10:44
ვრცლად
ანაკლიის პორტის პროექტი - კონსორციუმს ვალდებულებების შესასრულებლად ვადა 10 დღეში ეწურება

10 დღეში, ანაკლიის კონსორციუმს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად ვადა ეწურება. იმ შემთხვევაში თუ წლის ბოლოს ხელისუფლება მათთან ხელშეკრულებას შეწყვეტს, საერთაშორისო არბიტრაჟში დავა კონსორციუმისთვის მომდევნო ნაბიჯი იქნება. მანამდე, 16 დეკემბერს კონსორციუმმა  საფინანსო ხელშეკრულებები უნდა წარმოადგინოს, ხოლო 31 დეკემბერი უკვე ბოლო ვადაა იმისათვის, რომ ნაკისრი ვალდებულებები შესრულდეს.

საქმის ჟენევამდე მისვლა, ხელისუფლების თქმით, პროცესებს კიდევ უფრო შეანელებს. მაშინ, როდესაც შავ ზღვაში არსებული მზარდი კონკურენცია ტემპების დაჩქარებას მოითხოვს. ინფრასტრუქტურის მინისტრი მოუწოდებს კონსორციუმს აღიაროს, რომ პროექტის განხორციელებას თავი ვერ გაართვა და მართვის სადავეები ხელისუფლებას გადააბაროს.

შესაძლებელი იქნება თუ არა გადავადება და ვინ გააგრძელებს პროექტს? ამ კითხვებზე პასუხების კონტურები დეკემბრის შუა რიცხვებში გამოჩნდება, გადაწყვეტილებები კი წლის ბოლო დღეს. ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესასოციაციის გენერალურ მდივანს მიაჩნია, რომ პორტი ნებისმიერ შემთხვევაში უნდა აშენდეს, სახელმწიფოს, კონსორციუმისა თუ სხვა ორგანიზაციის ჩართულობით. საერთაშორისო სავაჭრო პალატის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი კი რუსულ ინტერესებზე საუბრობს.

ხელისუფლებაში ლოგიკას ვერ ხედავენ, თუ რატომაა სადავო საკითხი ხელშეკრულების გაწყვეტა. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ მთავარია ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პროექტი შედგეს.

პარალელურად, დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანის უპირობობაზე საუბრობენ საერთაშორისო პარტნიორები. 

ანაკლიის კონსორციუმი ამ ეტაპზე ინვესტორების მოძიებას განაგრძობს, რაც მათი თქმით, საინვესტიციო გარემოს გათვალისწინებით, რთული პროცესია. ახალი პარტნიორების ვინაობა და რაოდენობა ჯერ არ სახელდება. თუ როგორ გაგრძელდება პროექტი, უახლოეს 10 დღეში გახდება ცნობილი, კონსორციუმი პრესკონფერენციისთვის ემზადება. 

დღის ამბები