30 ნოემბერი 2024,   10:51
ვრცლად
"ყველა რეგიონს მოვიცავთ, ყველგან მივალთ" - მომდევნო 10 დღე პროტესტი სხვადასხვა ქალაქში გაგრძელდება

ქუთაისში აქცია "ერთად ერთის წინააღმდეგ“ დღეისთვის დასრულებულია. მიუხედავად იმისა, რომ პროტესტს დაპირისპირებების გარეშე არ ჩაუვლია, შეკრებილები და პოლიტიკური ლიდერები დღის წესრიგის შესაბამისად მოქმედებდნენ.

მონაწილეები თავდაპირველად კიკვიძის ბაღში შეიკრიბნენ, საიდანაც მსვლელობა მერიის შენობისკენ დაიწყეს. ადგილი ჰქონდა აქციის მონაწილეების მისამართით კვერცხების სროლას. აქციაზე იყო ფიზიკური დაპირისპირებაც. 

აქციებთან დაკავშირებით ოპოზიციონერი ლიდერები ამბობენ, რომ მათი გეგმები არ იცვლება და საპროტესტო აქციები 10 დღის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა რეგიონში გაგრძელდება. მათი თქმით, საბოლოოდ, მასშტაბური აქცია თბილისში, რუსთაველის გამზირზეა დაანონსებული.

შექმნილი კრიზისული ვითარებიდან ერთადერთ გამოსავალს მიიჩნევს პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარებას ”ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” გენერალური მდივანი, გიგი უგულავა. ოპოზიციონერი დეპუტატი ამბობს, რომ  სანამ ხელისუფლება საარჩევნო სისტემას არ შეცვლის, პროტესტი არ შეწყდება.

"ბევრი პრობლემა დააგროვა ივანიშვილმა ქვეყანაში და აქედან გამოსავალი არის ერთი - დააბრუნოს პროპორციული არჩევნები. სანამ ეს არ მოხდება, მანამდე ჯინი ბოთლიდან ამოშვებულია, მან ამოუშვა და ვერავინ ვერ დააბრუნებს ამ ჯინს ბოთლში,“ - აცხადებს  გიგი უგულავა.

ოპოზიციის სამომავლო გეგმებზე საუბრობს ”ახალი საქართველოს” თავმჯდომარე, გაერთიანებული ოპოზიციის ”ძალა ერთობაშია” ერთ-ერთი ლიდერი. გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ მომდევნო 10 დღე პროტესტი რეგიონებში გაგრძელდება, რომლის შემდეგაც ოპოზიციის მიერ შემუშავებულ საკანონმდებლო პროექტზე საერთაშორისო ექსპერტები დასკვნას დაელოდებიან.

"შემდგომი 10 დღე ჩვენ რეგიონებში ვართ, გვაქვს ეს პროცესი. ამის შემდეგ, უკვე ჩვენ უკვე ველოდებით ეუთო/ოდირის დასკვნას. თუ ხელისუფლება გონს არ მოეგება, მაშინ ჩვენ დავიწყებთ საერთო ეროვნულ წინააღმდეგობის მოძრაობას. რა იქნება და როგორ, ამას მომავალში ნახავთ“ - აცხადებს გიორგი ვაშაძე.

”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, ზაალ უდუმაშვილი ამბობს, რომ ოპოზიცია საკუთარ მოთხოვნებში რადიკალურია.

"ჩვენ არანაირ რადიკალიზმზე არ მივდივართ, გარდა იმისა, რომ ვაყენებთ ჩვენს მოთხოვნებს. უბრალოდ, მოთხოვნებში ვართ რადიკალურები. უკან დახევას არ ვაპირებთ. ყველა რეგიონს მოვიცავთ, ყველგან მივალთ“ - ამბობს ზაალ უდუმაშვილი.

გაერთიანებული ოპოზიციის ”ძალა ერთობაშია” ერთ-ერთი ლიდერი, ბაჩუკი ქარდავა ამბობს, რომ ახლა ივანიშვილის გადასაწყვეტია, არჩევნების გზით ჩამოშორდება ხელისუფლებას თუ პროტესტის ფონზე.

"თუ ბიძინა ივანიშვილი გონს არ მოეგება და არჩევნების გზით, ხელისუფლების ცვლილების პრინციპს არ დათმობს, ამ შემთხვევაში, მას მოუწევს ხალხის ზეწოლის და პროტესტის შედეგად ხელისუფლებიდან წასვლა,“ - განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ. 

დღის ამბები