30 ნოემბერი 2024,   10:25
ვრცლად
რატომ მოკლა ცოლისძმამ 22 წლის მამაკაცი ქარელში - ახლობლები "კურიერთან" ვერსიებზე საუბრობენ

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბში 22 წლის ახალგაზრდა მოკლეს. სასიკვდილო ჭრილობები ცივი იარაღით ახალგაზრდას საკუთარმა ცოლისძმამ მიაყენა.

ბრალდებული, რომელიც 24 წლისაა, ამ დრომდე მიმალვაშია. წინასწარი ინფორმაციით, დანაშაულის მიზეზად ურთიერთშელაპარაკება სახელდება.

ქარელში მკვლელობა დღის სამ საათზე მოხდა, მკვლელობაში ბრალდებული ბაჩანა ცინგიშვილის ახლობლები "კურიერთან" საუბრისას ჰყვებიან, რომ გარდაცვლილსა და ბაჩანას შორის შელაპარაკება ფატალურად დასრულდა.

მომხდარზე საუბარი უჭირთ როგორც ნათესავებს, ასევე მეზობლებსაც, თუმცა ამბობენ, რომ შელაპარაკების მიზეზი სწორედ ცოლ-ქმარს შორის არსებული კონფლიქტი იყო. 

ერთ-ერთი მეზობელი ლაურა კავსაძე  "კურიერთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ ცოლ-ქმრის დაშორების შესახებ ინფორმაცია ჰქონდათ, თუმცა მისი თქმით, ბოლოს ისინი შერიგდნენ.

"ეს გოგო სამტრედიაში იყო გათხოვილი და ამ დღეებში გავიგეთ, რომ ოჯახიდან იყო წამოსული შელაპარაკების გამო. ქმარი მოსულა გუშინ შესარიგებლად და კარგად ჩაიარა ყველაფერმა, როგორც ვიცით შერიგდნენ, მაგრამ სიძეს უთქვამს ცოლისძმისთვის ჩამოდი, ბაჩანა, დავილაპარაკოთო, ჩასულან დაბლა და ხუთ წუთში მოხდა ზუსტად ეს ამბავი," განაცხადა ლაურა კავსაძემ.

მომხდარ ფაქტზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო.

დღის ამბები