30 ნოემბერი 2024,   10:41
ვრცლად
"მაქვს სრული საფუძველი ვთქვა, რომ მალე ბატონი ვაჟა სახლში იქნება"- ნინო ბურჯანაძე პირველ კომენტარს "კურიერთან" აკეთებს

ნინო ბურჯუნაძე მოსკოვში ვიზიტის შემდეგ პირველ კომენტარს "კურიერთან" აკეთებს.

"ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე, რომელიც ვიზიტით მოსკოვში იმყოფება, დარწმუნებულია, რომ ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებულ ექიმს, ვაჟა გაფრინდაშვილს მალე გამოუშვებენ. 

"კურიერთან" სატელეფონო საუბარში ნინო ბურჯანაძემ აღნიშნა, რომ დატყვევებული ექიმის საკითხი ყველა ოფიციალურ შეხვედრაზე დააყენა. 

"გუშინ მე განცხადება ფეისბუკზე არ გამიკეთებია, ეს შემიძლია სრული პასუხისმგებლობით გითხრათ. მე არც გავაკეთებდი ასეთ არასერიოზულ განცხადებას ტყვეობაში მყოფ ადამიანთან დაკავშირებით, რომელ საათზე იქნება სახლში და რომელზე არა. იყო, სამწუხაროდ, "ოცნების" ტროლების მიერ გავრცელებული ინფორმაცია. მე ყველა შეხვედრაზე, რომელიც მქონდა, დავაყენე ბატონი ვაჟა გაფრინდაშვილი გათავისუფლების საკითხი. დღეის მდგომარეობით, მე ძალიან იმედიანად ვარ განწყობილი იმიტომ, რომ ნამდვილად დავინახე მზაობა რუსეთის მხრიდან, რომ მაქსიმალურად ხელი შეეწყოს ბატონი ვაჟას სწრაფად გათავისუფლების პროცესს. ნამდვილად მაქვს სრული საფუძველი ვთქვა, რომ მალე ბატონი ვაჟა სახლში იქნება. ბუნებრივია, არც საათს და დღეს მე არ ვასახელებ,"- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ "კურიერთან" სატელეფონო საუბრისას.

ნინო ბურჯანაძემ ოპოზიციის ლიდერებს მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ მოსკოვში მის ვიზიტს  პოლიტიკური და არა ემოციური შეფასება მისცეს. ნინო ბურჯანაძემ აღნიშნა, რომ ახალგაზრდების პოზიცია ესმის და ისინიც გაიგებენ მის პოზიციას, როდესაც გაიგებენ ვისთან და რა თემაზე ჰქონდა მას შეხვედრები.

დღის ამბები