30 ნოემბერი 2024,   10:53
ვრცლად
ნინო ბურჯანაძის მოსკოვში ვიზიტი გაერთიანებულ ოპოზიციაში უკმაყოფილების მიზეზი გახდა

რუსეთში ვიზიტით წასულ "ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერს ნინო ბურჯანაძეს ოპოზიციის მცირე ნაწილი უკვე გაემიჯნა, ნაწილი კი კრიტიკული განცხადებებით შემოიფარგლა.

ამ დრომდე არ იყო ცნობილი, ზუსტად რა მიზნით გაემგზავრა მოსკოვში ნინო ბურჯანაძე.

აქციის ორგანიზატორების ნაწილი ნინო ბურჯანაძის მოსკოვში ვიზიტს აპროტესტებს. სამოქალაქო აქტივისტებმა დღეს საგანგებო განცხადება გაავრცელეს. ორგანიზაცია "სირცხვილია" მოლაპარაკების მაგიდიდან არ დგება, მაგრამ ამბობს, რომ "ერთიანი საქართველოს" ლიდერის გადაწყვეტილება საერთო მიზანს აზიანებს.

გაერთიანებულ ოპოზიციაში დარჩა, მაგრამ პროპორციული სისტემის გარშემო შექმნილი დიალოგის ფორმატი დატოვა თაკო ჩარკვიანმა.

ნინო ბურჯანაძის პარტიაში თვლიან, რომ დროებითი გაერთიანება ვალდებულებებს არ ნიშნავს, მიუხედავად ამისა, მათი ინფორმაციით, რუსეთში ვიზიტის შესახებ კოლეგა პარტიები ინფორმირებულები იყვნენ. მათი განცხადებით, ერთ-ერთი მთავარი თემა ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებაა.

ნინო ბურჯანაძის მოსკოვურ ვიზიტს და ოპოზიციური პარტიების განცხადებებს დღეს შეფასებები მოჰყვა პარლამენტში. უმრავლესობაში განსხვავებული პოლიტიკური გემოვნების მქონე ძალების თანამშრომლობა უკვირთ.

ერთი იდეის გარშემო შეკრებილი პარტიები, რომლებსაც სხვა საგარეო პრიორიტეტები აქვთ, აცხადებენ, რომ ამ თემაზე საუბარი დღეს ხელისუფლების ინტერესებშია, რომელიც ცდილობს წარმოაჩინოს, რომ ოპოზიციის ერთობა ირღვევა.

ხელისუფლების მხრიდან, პოლიტიკური პროცესების საკუთარ ინტერესებზე მორგების მცდელობაზე საუბრობენ დამოუკიდებელი დეპუტატებიც.

ოპოზიცია გეგმას არ ცვლის. ლიდერები ამბობენ, რომ მოსკოვში ვიზიტით შექმნილი დისკომფორტის მიუხედავად, არ იცვლება არც შემადგენლობა, არც მიზანი და თამაშის წესები მანამ, სანამ მათი მოთხოვნები არ შესრულდება.

დღის ამბები