30 ნოემბერი 2024,   10:27
ვრცლად
ნარკოტიკებით დაკავებული ბერი - დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში სასულიერო პირს 10 წლამდე პატიმრობა ელის

ათონის მთაზე მოღვაწე ბერი ნარკოტიკების შეძენა-შენახვის ბრალდებით ზუგდიდში დააკავეს. დაკავებული ბერის ძმა "კურიერს" საკუთარ ვერსიებს უზიარებს - არის თუ არა ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელი ბრალდებული ბერ-მონაზონი ექსპერტიზა დაადგენს. მანამდე კი ცნობილია, რომ 33 წლის სვიმონ ქავთარაძე ნარკოტიკის შეძენა-შენახვის ფაქტზე პოლიციას გუშინ ჩაბარდა.

ირკვევა, რომ შემთხვევა 2 დღის წინ ზუგდიდში მოხდა, ბერმონაზონმა ამანათი მეგობარ რომან მალანიას გადასცა და თბილისში წაღება სთხოვა. ადგილზე, მალევე პოლიციის თანამშრომლები გამოჩნდნენ და დაკავების ოპერაცია დაიწყეს. მომხდარზე პასუხისმგებლობა ბერის მეგობარმა, მალანიამ აიღო. მონაზონი სვიმონ ქავთარაძე კი სახლში გამოუშვეს.

მომხდარს შინაგან საქმეთა სამინისტრო ორი დღე უარყოფდა. მას შემდეგ რაც ბერმონაზონი სვიმონ ქავთარაძე პოლიციას საკუთარი ნებით ჩაბარდა და განყოფილებაში ადვოკატთან ერთად მივიდა, ზუგდიდ-ცაიშის ეპარქიაში მოღვაწე სასულიერო პირები კორცხელის დედათა მონასტერში შეიკრიბნენ. შეხვედრას მეუფე გერასიმე ხელმძღვანელობდა. სასულიერო პირები უარყოფენ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ისინი ბერმონაზვნის თავდებობის საკითხს განიხილავდნენ. ეპარქიის მდივნის მღვდელ დიმიტრი ვეკუას განცხადებით, მეუფე გერასიმემ მომხდარის შესახებ ინფორმაცია სასულიერო პირებს გააცნო.

დღეს, ზუგდიდის სასამართლომ უკვე იმსჯელა, ბერმონაზვნის ნაცვლად დაკავებული რომან მალანიას აღმკვეთი ღონისძიების შესახებ. მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა, ბრალდებულის პატიმრობაში დატოვების შესახებ არ დააკმაყოფილა და გაითვალისწინა ადვოკატის მიერ წარდგენილი მტკიცებულება, გამოძიებაში ახალი გარემოების შესახებ, რომელიც სასულიერო პირის, როგორც საქმეში ახალი ფიგურანტის გამოჩენას გულისხმობს. რომან მალანიას გირაოს გადახდისთანავე გაათავისუფლებენ.

ჭყონდიდის ეპარქიის ყოფილი წარმომადგენელი ბერმონაზონი ანდრია სარია ამტკიცებს, რომ დაკავებული სვიმონ ქავთარაძე ზუგდიდ-ცაიშის ეპარქიის მიტროპოლიტის გარემოცვის წევრია. სარიას თქმით,  მეუფე გერასიმეს ლოცვა-კურთხევით ქავთარაძე მორჩილების დროს ათონის წმინდა მთაზე იმყოფებოდა. ცნობილია, რომ რამდენიმე წლის წინ საბერძნეთში მორჩილი ბერ-მონაზვნად სწორედ მეუფე გერასიმემ აკურთხა. საქართველოში დაბრუნებული ბერი, ზუგდიდის ღვთისმშობლის მშენებარე ეკლესიაში მოღვაწეობდა და მეუფის დავალებით სამონასტრო ინსტიტუტის დაფუძნებაზე მუშაობდა. თუმცა, ცნობილია რომ ბერმონაზონმა სვიმონ ქავთარაძემ ეპარქია მალევე დატოვა.

გამოძიებამ ბერმონაზვნის ჩანთა ამოიღო, რომელიც სასულიერო პირმა მალანიას გადასცა, პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით , 14,5 გრამი მეტადონი ამოიღო. მომხდარის შესახებ დღეს დილით საპატრიარქო ინფორმირებული არ იყო

ბერმონაზვნის წინააღმდეგ საქმე შინაგან საქმეთა სამინისტომ 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვას გულისხმობს. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში სასულიერო პირს 10 წლამდე პატიმრობა ელის.

დღის ამბები