30 ნოემბერი 2024,   10:52
ვრცლად
საპროტესტო აქციებისა და კონტრაქციების ბუმი - როგორ დაასტაბილურებს ხელისუფლება სიტუაციას

საქართველოს სხვადასხვა რეგიონი აქციებმა და კონტრაქციებმა მოიცვა. ხმაური იყო დღეს აჭარაში, აქცია იგეგმება ხვალ ქუთაისშიც. ​ხელისუფლება ოპონენტებს დესტრუქციასა და რადიკალიზმში ადანაშაულებს, ოპოზიციაში კი ამბობენ, რომ "ქართული ოცნების" მმართველობა ჩამოშლილია.

სიტყვიერი დაპირისპირება ბათუმის მერიის დაცვის სამსახურსა და არასამთავრობო ორგანიზაცია "ალტერნატივას" წევრებს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციის მონაწილეები მერიის შენობაში განთავსებულ მაჟორიტარი დეპუტატის, მურმან ვახტანგაძის ბიუროსთან მისვლას ცდილობდნენ. შენობაში შესვლის საშუალება და სტიკერების გაკვრის უფლება აქტივისტებს დაცვის სამსახურმა არ მისცა.

ოპოზიციის წინააღმდეგ გამართულ აქციებში ცოცხი ისევ აქტუალურია. სწორედ ამ ფორმით გააპროტესტა დღეს კორუფციასთან ბრძოლის ცენტრის ხელმძღვანელმა მერაბ ღოღობერიძემ აჭარაში ოპოზიციის გააქტიურება. მიუხედავად იმისა, რომ ღოღობერიძე თავის აქციაზე დღეს მხოლოდ თვითონ იყო, ამბობს, რომ მას ბევრი მომხრე ჰყავს და არ დაუშვებენ ყოფილი ხელისუფლების დაბრუნებას.

ბოლო დღეების მსგავსად, პოლიტიკურად ერთ-ერთი ცხელი წერტილი ხვალ შესაძლოა ისევ ქუთაისი გახდეს, სადაც ოპოზიციას ხვალ აქცია აქვს დაგეგმილი. გაერთიანებული ოპოზიციის წევრები არ გამორიცხავენ, რომ მათ პროტესტს კონტრაქციით მმართველი გუნდის მხარდამჭერები დაუპირისპირდნენ.

ქუთაისის საკრებულოს წევრის, გიორგი ჭეიშვილის თქმით, თუ ოპოზიცია დესტრუქციულად არ იმოქმედებს, კონტრაქციას არ გეგმავენ.

ბოლო დღეების განმავლობაში სხვადსხვა რეგიონში მომხდარ დაპირისპირებას პრემიერის პრესსპიკერი ირაკლი ჩიქოვანი უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების ინტერესებს უკავშირებს; ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა კი აღნიშნავს, რომ პროცესების რადიკალიზაცია უცხოურ ინვესტიციებზე გავლენას ახდენს.

პოლიტიკური დაძაბულობის ზრდის გამო შეშფოთებას გამოთქვამენ საქართველოში ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი და გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენელი ლუიზა ვინტონი.

ვითარების დასტაბილურებისთვის და იმისთვის, რომ ხელისუფლებამ და ოპოზიციამ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით კონსენსუსს მიაღწიონ, საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები გამოსავალს დაპირიპირებულ მხარეებს შორის დიალოგში ხედავენ.

ავტორი: ქეთი ზანთარაია

ამავე თემაზე
დღის ამბები