30 ნოემბერი 2024,   10:42
ვრცლად
ომბუდსმენი აჭარის მაუწყებლის დირექტორს ჟურნალისტების საქმიანობაში ჩარევისაგან თავშეკავებას ურჩევს

სახალხო დამცველი აჭარის მაუწყებლის დირექტორს, გიორგი კოხრეიძეს, შეხვდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ნინო ლომჯარია მიიჩნევს, რომ ჟურნალისტებსა და დირექტორს შორის კომუნიკაცია უნდა აღდგეს. სახალხო დამცველის თქმით, მან არხის დირექტორს ურჩია ჟურნალისტების საქმიანობაში ჩარევისგან თავი შეიკავოს. 

ომბუდსმენის განცხადებით, არხის ფინანსურ საკითხებში დამოუკიდებელი აუდიტი უნდა ჩაერთოს და ობიექტური დასკვნა გაკეთდეს.

"არსებობს კონფლიქტური სიტუაცია საინფორმაციო სამსახურის ჟურნალისტებსა და დირექტორს შორის.
მე ვუთხარი დირექტორს, რომ ეს ვითარება არაჯანსაღია, რაც ტელევიზიის სამომავლო საქმიანობაზე აისახება, რთული იქნება როგორც ჟურნალისტებისთვის, ასევე დირექტორისთვის ამ პირობებში მუშაობა.  
ჩემი რეკომენდაცია იყო, რომ რაც შეიძლება თავი შეიკავოს ჟურნალისტების საქმიანობაში ჩართვისგან. 
მისი მხრიდან ძირითადი აქცენტი საორგანიზაციო და მენეჯმეტის მიმართულებით საქმიანობაზე გაკეთდეს,"-განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

მაუწყებლის დირექტორი არხის ჟურნალისტების ბრალდებებს უარყოფს. მისი თქმით, სარედაქციო პოლიტიკას საფრთხე არ ექმნება, თუმცა შესაძლოა რადენიმე თანამშრომლის ხელშეკრულება გადაიხედოს.

 
"იმ ტელევიზიაში, სადაც ვმუშაობ, მინდა, რომ ყველაფერი იყოს უკეთესი. თუ რაიმე წინადადება შინაარსთან დაკავშირებით მექნება, პირველ რიგში, ეს წინადადება ქარტიაში განიხილება. თუ ვინმეს დასჯა იქნება საჭირო, მას ქარტია გასცემს პასუხს, თუ ჩემ მიმართ იქნება უსაფუძვლო დარტყმა, ქარტია მყარად დამიდგება. მე საერთოდ ჰუმანური ადამიანი ვარ, ვცდილობ ადამიანებს ხელი შევუწყო, მაგრამ თუ არსებობენ ადამიანები, ვისაც კომუნიკაცია არ უნდა, შეუძლებელია შეთანხმება",- განაცხადა კოხრეიძემ

დღეს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მაუწყებლის ჟურნალისტებსაც შეხვდა.

დღის ამბები