30 ნოემბერი 2024,   10:49
ვრცლად
ავიწროებენ თუ არა ციხეში 20 ივნისის საქმეზე ბრალდებულს - ადვოკატი წამების ელემენტებზე საუბრობს

20 ივნისის საქმეზე დაკავებული ზურაბ ბუდაღაშვილი, სკანდალური ბრალდებების შემდეგ, რომ ოპოზიციის ლიდერების, ნიკა მელიას, გიგი უგულავას და ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას აიძულებდნენ, ამჯერად შევიწროებაზე საუბრობს.

როგორც ბრალდებული ამბობს, წინა პროცესზე გაკეთებული განცხადების შემდეგ, სამარტოო საკანში გადაიყვანეს და კომუნიკაციასთან ერთად პირადი მოხმარების ნივთების მიწოდება შეუზღუდეს. გარდა ამისა, ბრალდებულის თქმით, მას 24 საათის განმავლობაში წყლის გამათბობელი ძრავების ძლიერი ხმაური აწუხებს, რომლებიც მისი საკნის გვერდით მდებარეობს. ამ გარემოებებს კი ადვოკატი წამებასთან აიგივებს, თუმცა მდგომარეობის გამოსწორების მოლოდინი არ აქვს.

ზეწოლაზე საუბრობენ ზურაბ ბუდაღაშვილის ოჯახის წევრები და მეგობრებიც. მათ დღეს საქალაქო სასამართლოსთან აქციაც გამართეს და თქვეს, რომ უფლებების დარღვევის ფაქტებზე შემდგომში ინფორმაციას სახალხო დამცველს და დიპლომატებს მიაწვდიან. ბუდაღაშვილის ძმამ პროტესტი უშუალოდ სასამართლო სხდომაზეც გამოხატა და დარბაზი ხმაურის ფონზე დატოვა.

შესაძლო შევიწროების ფაქტებთან ერთად, უახლოეს დღეებში, ბუდაღაშვილთან პროკურორების და ადვოკატების სასაუბრო თემა ჩვენების იძულებით მიცემის შესახებ გაკეთებული განცხადებები იქნება.

დღეს პროკურორმა მოსამართლის თანდასწრებით დაადასტურა, რომ საგამოძიებო უწყება შესაძლო დანაშაულს გამოიძიებს. როგორც გაირკვა, პროკურორები ბრალდებულთან ციხეში შეხვედრას გუშინაც ცდილობდნენ, თუმცა თავად ბუდაღაშვილმა მოითხოვა, დაცვის მხარის თანდასწრებით გამოიკითხოს.

ზურაბ ბუდაღაშვილი, ბესიკ თამლიანი, კახაბერ კუპრეიშვილი და ცოტნე სოსელია - დღეს განსასჯელის სკამზე 20 ივნისის საქმეზე დაკავებული 4 აქტივისტი იჯდა. არც ერთი მათგანი ჯგუფური ძალადობის ბრალდებას არ ეთანხმება და პატიმრობაში რჩება.

მათი პროცესი პროკურატურის მოწმეების გამოკითხვით, 13 დეკემბერს განახლდება. დღეს ჩვენება ექვსმა მოწმემ მისცა. ყველა მათგანი შს სამინისტროს თანამშრომელი იყო.

ამავე თემაზე
დღის ამბები