30 ნოემბერი 2024,   10:36
ვრცლად
ხულო, ზუგდიდი, ქუთაისი - დაპირისპირებულ მხარეებს შორის შეხლა-შემოხლა გრძელდება

პოლიცია იყო დღეს მობილიზებული ხულოში, ზუგდიდსა და ქუთაისში.
"ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები ერთმანეთს ისევ სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთებით უპირისპირდებიან. ისევ ისმის შეძახილები - "მონებო."

დაპირისპირებების ძირითადი ადგილებია - ადგილობრივი ადმინიტრაციული შენობა, პარტიული ოფისები და მაჟორიტარების ბიუროები.

"ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებს შორის დაპირისპირება ხულოში "ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატის, ანზორ ბოლქვაძის ბიუროსთან მაშინ დაიწყო, როცა ოპოზიცია ბოლქვაძის სამუშაო კაბინეტთან მისვლას და იქ სტიკერების გაკვრას ცდილობდა. მმართველი გუნდის აქტივისტები არასამთავრობო ორგანიზაცია "ალტერნატივის" წარმომადგენლებს ცოცხებით დახვდნენ.

ხულოს გარდა ხმაური იყო დღეს შუახევშიც, სადაც არასამთავრობო ორგანიზაციის "ალტერნატივა" წევრები ისევ ანზორ ბოლქვაძის კაბინეტთან მისვლას ცდილობდნენ, თუმცა ამის სასუალება შუახევის მერიასთან შეკრებილმა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა არ მისცეს.

"ოცნების" მომხრეებსა და ოპოზიციის მხადამჭერებს შორის დაპირისპირებამ რეგიონებში თითქმის ყოველდღიური სახე მიიღო. ზუგდიდში გუშინ მომხდარ დაპირისპირებაზე გამოძიება, სხვისი ნივთის დაზიანების მუხლით უკვე დაწყებულია. ოპოზიცია პოლიციის უფროსს უმოქმედობაში ადანაშაულებს.

"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებმა განმარტებები ზუგდიდის პოლიციის ხელმძღვანელისგან ჯერ საგანგებო ბრიფინგზე მოითხოვეს, ამის შემდეგ კი პოლიციის შენობასთან გადაინაცვლეს. 

ზუგდიდში გუშინ მომხდარ დაპირისპირებაში მონაწილე პირების იდენტიფიცირება "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა უკვე მოახდინეს. მათი თქმით, ოპოზიციის ოფისის დარბევაში ძირითადად საჯარო მოხელეები მონაწილეობდნენ, რასაც ზუგდიდის საკრებულოში არ ადასტურებენ.

ზუგდიდის მსგავსად საჯარო მოხელეები ქუთაისში მომხდარ დაპირისპირებაშიც ფიგურირებენ. ამას არც თავად აქციაზე მყოფთა ნაწილი უარყოფს და ამბობს, რომ ოპოზიციის წინააღმდეგ გამართულ აქციაში მონაწილეობისთვის 1 დღიანი შვებულებაც კი აიღეს. კონტრაქციებში საჯარო მოხელეების მონაწილეობაში პრობლემას ვერც ქუთაისის მერი ხედავს.

ქუთაისში კვირას მომხად დაპირისპირებაზე გამოძიება ჯერ არ დაწყებულა, მორიგი აქცია კი პარასკევს არის დაგეგმილი.

სხვადასხვა რეგიონში ბოლო დროს მომხდარ დაპირისპირებას ოპოზიცია ხელისუფლების ჩამოშლად აფასებს, მმართველი პარტია კი მხარდამჭერებს მოუწოდებს, პროტესტი გამოხატონ, თუმცა ოპოზიციას დაპირისპირებაში ჩათრევის საშუალება არ მისცენ. 

ხმაურიანი აქციები რეგიონებსა და დედაქალაქში სავარუდოდ მას შემდეგ შეწყდება, რაც ოპოზიცია და მმართველი ძალა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით კონსენსუსის მიღწევას შეძლებს.

ავტორები: ნესტან ჩაგელიშვილი, სალომე ფაცაცია, ქეთი ზანთარაია

დღის ამბები