30 ნოემბერი 2024,   10:42
ვრცლად
"აჭარის ტელევიზიის" დირექტორი ბრალდებებს უარყოფს და ტელევიზიაში ფინანსურ პრობლემებზე საუბრობს

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი გიორგი კოხრეიძე თანამშრომლების მიერ წამოყენებულ ყველა ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ რეორგანიზაციას მხოლოდ იმ შემთხვევაში გეგმავს, თუ ტელევიზიის ფუნქციონირებას საფრთხე შეექმნება.

გიორგი კოხრეიძე ტელევიზიაში არსებულ ფინანსურ პრობლემებზე საუბრობს.

"მე არ ვაპირებ რეორგანიზაციას. მე ვთქვი, რომ რეორგანიზაციას გავაკეთებ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ყველა დავინახავთ და შევთანხმდებით, რომ ეს ორგანიზმი ასე იღუპება და ღუპავს არა მარტო სხვას, არამედ თქვენც. თქვენ თუ არ გაქვთ საშუალება, ფული, რომ მიხვიდეთ და გააკეთოთ რეპორტაჟი, თუ არ გაქვთ საშუალება, რომ მანქანით მიხვიდეთ, იმიტომ რომ გასკდა საბურავი; იმიტომ, რომ იმხელა ვალდებულებებია აღებული, რომ ამისთვის ფული პრაქტიკულად აღარ არის. მე ვთქვი, რომ ყველაფერს გავაკეთებდი ამისთვის, რომ აქ რამე მოვიზიდო, გადავარჩინო. თქვენგან მე მჭირდება, ჩემო ძვირფასებო, თქვენი უფრო მეტი შრომა, გვერდში დგომა, იმიტომ, რომ ასე ტელევიზია მართლა შეიძლება გარდაიცვალოს," - განაცხადა გიორგი კოხრეიძემ.

შეგახსენებთ, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლების ნაწილი ხელმძღვანელობას ბრალდებებს უყენებს და სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის მცდელობაზე საუბრობს.

აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომლებმა ტელევიზიის შენობასთან  აქცია გამართეს და ტელევიზიის დირექტორს, გიორგი კოხრეიძეს მოუწოდეს,  ჟურნალისტების სარედაქციო საქმიანობაში ნუ ჩაერევა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები