30 ნოემბერი 2024,   10:37
ვრცლად
სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები ჯანდაცვის სამინისტროსთან გამოცდის ჩასაბარებლად დაწესებულ გადასახადს აპროტესტებენ

სამედიცინო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები, რომლებსაც რეზიდენტურაში ჩაბარება უწევთ, გამოცდის ჩასაბარებლად დაწესებულ გადასახადს აპროტესტებენ - ისინი ამ წუთებში ჯანდაცვის სამინისტროსთან აქციას მართავენ.

სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები მთავრობის დადგენილების გაუქმებას ითხოვენ, რომელიც რეზიდენტურის საგამოცდო ტესტების ჩაბარებისთვის 80 ლარის გადახდას ითვალისწინებს. მათთვის მიუღებელი აღმოჩნდა ჯანდაცვის სამინისტროსა და სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებაც, განახევრდეს გადასახადის ოდენობა.

სტუდენტებმა აქციაზე საგამოცდო ტესტები მიიტანეს, რომელიც, მათი თქმით, ხარვეზებით არის შედგენილი. ასევე, სამინისტროს მიმღებში დატოვეს დიდი რაოდენობით რკინის ფული. როგორც სტუდენტებმა აღნიშნეს, ეს იყო "ხურდა" იმის ნიშნად, რომ ჯერ გადასახადი დაუნიშნეს, შემდეგ კი გაუნახევრეს. სტუდენტები გადაწყვეტილებას ვაჭრობად აფასებენ.

"ტესტებში შეხვდებით დავალებებს, სადაც წერია, მაგალითად, "მარცხენა საშვილოსნო". თუ ესმის ვინმეს, არასამედიცინო პროფილის ადამიანს მარცხენა საშვილოსნო რას ნიშნავს. ამ ტესტების შემდგენლების ხელფასისთვის ითხოვენ თანხის გადახდას," - განაცხადა ერთ-ერთმა სტუდენტმა.

სამედიცინო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები განმარტავენ, რომ მანამდე გამოცდის საფასურს სახელმწიფო იხდიდა. 

მათი ინფორმაციით, დღეს გამართულ შეხვედრაზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს შესთავაზეს ერთიანი საორგანიზაციო ჯგუფის ჩამოყალიბება, რომელიც დაკომპლექტებული იქნება როგორც სტუდენტებისგან, ასევე რეზიდენტებისგან, ეკონომისტებისგან, იურისტებისგან და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებისგან. 

"განათლების სამინისტრო გვეუბნება, რომ კიდევ ერთხელ მრგვალი მაგიდის პრინციპით გარკვეული შემოთავაზებები აქვთ. კიდევ ერთხელ მოვუსმენთ და მივცემთ შანსს," - აღნიშნა თსსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტმა ანა კაკაბაძემ.

დღის პირველ ნახევარში სტუდენტები სამედიცინო უნივერსიტეტში ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს შეხვდნენ. კურსდამთავრებულები ამბობენ, რომ თანხის გადახდის შესახებ დაგვიანებით აცნობეს.

დღევანდელ შეხვედრაზე სამინისტრომ კურსდამთავრებულებს განუცხადა, რომ გადასახადის - 80 ლარის ნახევარს უწყება საკუთარი ბიუჯეტიდან დაფარავს.

დღის ამბები