30 ნოემბერი 2024,   10:43
ვრცლად
ივანიშვილის განცხადებები საყურადღებოა, იმედს ვიტოვებ საქართველო-ამერიკას შორის ურთიერთობებზე გავლენა არ ექნება - ლორა თორნტონი

IRI-ს შემდეგ, ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს დღეს NDI-ც გამოეხმაურა. ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ლორა თორნტონი "კურიერთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის კრიტიკას კრიტიკითვე პასუხობს და ამბობს, რომ ასეთი გავლენიანი ფიგურების მხრიდან მსგავსი განცხადებები საყურადღებოა.

გარდა ამისა,"კურიერთან" საუბრისას  თორნტონი აცხადებს, რომ მას ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს არაერთხელ მიუმართავს ოფიციალური პირებისთვის კითხვით, თუ რატომ უცხადებენ უნდობლობას NDI-ის კვლევებს, თუმცა აღნიშნულ კითხვაზე პასუხი არასდროს მიუღია.

"ადრეც გვსმენია ასეთი ბრალდებები, ეს არ არის ჩვენთვის ახალი. მაგრამ ყოველთვის ჩნდება კითხვა  - შეგიძლიათ თუ არა, დაგვიდასტუროთ რაიმე მტკიცებულებით მიკერძოებულობის შესახებ, რასაც გვაბრალებენ, მაგრამ როგორც წესი, ვერ მისაბუთებენ ხოლმე. ასევე აღსანიშნავია, რომ ორგანიზიაცია, რომელთანაც ჩვენ ვთანამშრომლობთ, "კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი", მხოლოდ NDI არ თანამშრომლობს ამ ორგანიზაციასთან, ევროკავშირი, გაერო და სხვა სერიოზული ორგანიზაციები თანამშრომლობენ მასთან. მათ მხოლოდ საქართველოში არ აქვთ ოფისები, საკმაოდ ავტორიტეტული ორგანიზიაციაა," - განაცხადა თორნტონმა.

თორნტონს იმედი აქვს, რომ საქართველო-ამერიკის ურთიერთობებზე ბიძინა ივანიშვილის განცხადებები არ აისახება.

"საყურადღებოა, როდესაც ასეთი მნიშვნელოვანი ადამიანი აკეთებს ასეთ განცხადებას. თუმცა, იმედს ვიტოვებ, რომ ამ კონკრეტულ განცხადებებს არ ექნება დიდი გავლენა საქართველო-ამერიკის ურთიერთობაზე, რადგან ეს ურთიერთობა წლებია წარმატებით ხორციელდება. ჩვენ მმართველ პარტიასთანაც ვთანამშრომლობთ," - აღნიშნა თორნტონმა.

კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის "CRRC - საქართველოს" უფროსი მკვლევარის დავით სიჭინავას განცხადებით, ორგანზაცია კვლევებს პასუხისმგებლობით ატარებს. 

"როდესაც საველე სამუშაოები სრულდება, აუცილებლად, ყოველთვის მოწმდება ინტერვიუერების ნამუშევარი. სხვა ინტერვიუერები, ან ჩვენს ოფისში მომუშავე ადამიანები, მკვლევრები მიდიან და ყოველ ნაბიჯს ამოწმებენ რამდენად სწორად იქნა შერჩეული რესპოდენტი, რამდენად სწორად დაისვა შეკითხვები. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს რეპუტაცია, რომელიც ამ წლების განმავლობაში ჩვენ ორგანიზაცია აქვს," - განაცხადა  დავით სიჭინავამ.

დღის ამბები