30 ნოემბერი 2024,   10:44
ვრცლად
"ეს გამოიწვევს ხარისხის დაცემას და სამწუხაროდ, პაციენტების გარდაცვალებას" - პრემიერი ექიმებს ხვდება 

პრემიერის ადმინისტრაციაში გიორგი გახარიასა და სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს.

მთავარი განსახილველი საკითხი მთავრობის 520-ე დადგენილებაა, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკებისთვის ტარიფები გათანაბრდა.

სამედიცინო დაწესებულებები ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილ ფასებს არ ეთანხმებიან და მათ გადახედვას ითხოვენ.

როგორც შეხვედრის დაწყებამდე კლინიკა "პინეოს" სამედიცინო ეკოსისტემის ხელმძღვანელმა ზაზა სინაურიძემ განაცხადა, შეხვედრა პრემიერის სამდივნოს ინიციატივით იმართება.

"კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ არავინ არ არის DRG- სისტემის წინააღმდეგი, მაგრამ ამას უნდა კომუნიკაცია და სწორი დაგეგმვა. იმიტომ, რომ ჯანდაცვა ძალიან რთული სფეროა. ეს გამოიწვევს ხარისხის დაცემას და სამწუხაროდ, პაციენტების გარდაცვალებას.

ვინაიდან ჩვენ ვართ ექიმები და მე პირადად ჰიპოკრატეს ფიცი მაქვს დადებული, ცხადია, მწვავე პაციენტს ვმკურნალობთ ჩვენს ხარჯზე, მაგრამ გეგმიური ოპერაციები შეჩერებულია", - აცხადებს ზაზა სინაურიძე.

შეხვედრის დაწყებამდე ექიმებმა ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ მათი მთავარი მოთხოვნა დადგენილების მინიმუმ 6 თვით შეჩერებაა, რადგან არსებულ პირობებში უბრალოდ ზარალზე მუშაობა უწევთ.

ტარიფების გადახედვის და ხელახლა შემუშავების დადგენილება 21 ნოემბერს ამოქმედდა.

დღის ამბები