30 ნოემბერი 2024,   10:30
ვრცლად
ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით გერმანია 2 რუს დიპლომატს აძევებს

გერმანიამ საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით ქვეყნიდან ორი რუსი დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილება მიიღო, რუსეთის საელჩოს წარმომადგენელები პერსონა ნონ-გრატად გამოცხადდნენ და მათ გერმანიის ტერიტორია 7 დღის განმავლობაში უნდა დატოვონ.

„ბიბისის“ რუსულენოვანი ბიურო ინფორმაციას გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

უწყება  გადაწყვეტილების მიზეზსაც ასახელებს - ხანგოშვილის მკვლელობის გამოძიებასთან არასაკმარისად აქტიური თანამშრომლობა. სამინისტროს განცხადების მიხედვით, საგამოძიებო ორგანოები ეჭვობენ, რომ მკვლელობა რუსეთის ხელისუფლების, ან ჩეჩნეთის ხელმძღვანელობის მითითებით შესრულდა.

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთს ოფიციალური ნოტით მიმართავს, საქმესთან დაკავშირებით გერმანიის გენერალურ პროკურატურას ყველა შესაძლო გზით დაეხმარონ.

ამასთან, ცნობილი გახდა, რომ საქმის გამოძიებას ბერლინელი სამართალდამცველებისგან გერმანიის ფედერალური პროკურატურა გადაიბარებს.

ვინ არის მკვლელი

საქართველოს მოქალაქე, ეთნიკურად ქისტი ხანგოშვილი, ბერლინის ცენტრში აგვისტოში მოკლეს. მას სამი ტყვია ესროლეს, ერთ-ერთი თავის არეში მოხვდა.

საგამოძიებო ჯგუფი „ბელინგკეტი“ წერს, რომ მკვლელი, რომელიც ბუჩქებში იმალებოდა, მსხვერპლს გამოჩენისთანავე ელექტროველოსიპედით გაეკიდა და ცეცხლი გაუხსნა. შემთხვევის ადგილიდან მალევე მიიმალა და სცადა, იარაღი მდინარე შპრეში გადაეგდო. მისი საეჭვო ქმედება მდინარესთან ახლოს ორმა მოზარდმა შენიშნა და პოლიცია გამოიძახა. ხანგოშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი სამართალდამცველებმა რამდენიმე წუთში დააკავეს - ის ტურისტების ნაკადში მიმალვას ცდილობდა.

თავდამსხმელის ზუსტი ვინაობა ცნობილი არ არის. ის ევროპაში ვადიმ ანდრეის ძე სოკოლოვის სახელით, არაბიომეტრული პასპორტით ჩაფრინდა.  „ბელინკეტმა“ გერმანულ ჟურნალ „შპიგელთან“ და რუსულ „ინსაიდერთან“ ერთად ჩატარებული გამოძიების შედეგად მოიპოვა ინფორმაცია, რომ  რუსეთის მონაცემთა ბაზებში ასეთი ადამიანი არ იძებნება. სავარაუდოდ, მამაკაცმა მოგზაურობისთვის ყალბი საბუთები გამოიყენა.

„შპიგელის“ მიერ მოპოვებული ცნობით კი ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილის იდენტიფიცირება უკვე მოხერხდა და ის რუსეთის 54 წლის მოქალაქე ვადიმ კრასიკოვია. მასზე 2014 წელს საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა - კრასიკოვი მოსკოვში ბიზნესმენის მკვლელობაში იყო ეჭვმიტანილი. „ბელინკგეტის“ გამოძიების ანგარიშში ნათქვამია, რომ 2013 წელს მოსკოვში მომხდარი მკვლელობა ძალიან ჰგავს ხანგოშვილისას - ორივე შემთხვევის დროს მკვლელი მსხვერპლს ველოსიპედით აედევნა, ჭრილობები ერთსა და იმავე ადგილას მიაყენა და მოსკოვშიც და ბერლინშიც ველოსიპედითვე მიიმალა.

რას ფიქრობენ პანკისში

საქმის გამოძიებას რომ ფედერალური პროკურატურა გადაიბარებს, ხანგოშვილის ოჯახს უკვე შეატყობინეს. "კურიერთან" მოკლულის ძმა, ზურაბ ხანგოშვილი ამბობს, რომ მას ადვოკატი ესაუბრა.

„რატომ აჭიანურებდნენ ამ საქმეს, საკუთარი პოლიტიკური ანგარიშები თუ ჰქონდათ რუსეთთან, მე არ ვიცი,“ - განაცხადა ხანგოშვილმა.

მკვლელობასთან რუსეთის კავშირზე საუბრობენ პანკისის ხეობაშიც.

„წლების განმავლობაში ზელიმხანი რომ რუსული სპეცსამსახურების სამიზნე იყო, არავისთვის არის უცხო. არ გამოვრიცხავ, რომ რომელიმე ეთნიკური ჩეჩენი, თუნდაც რუსული სპეცსამსახურების წარმომადგენელის ნამოქმედარი იყოს. კვალი მიდის რუსულ სპეცსამსახურებამდე,“ - ამბობს „კურიერთან“ ჩეჩნური დიასპორის წარმომადგენელი მექა ხანგოშვილი. 

რა მიზეზი შეიძლებოდა ჰქონოდა რუსეთს ხანგოშვილის მოსაკლავად

„ბელინგკეტი“ აღნიშნავს, რომ ხანგოშვილი მოსკოვმა დიდი ხნის წინ მტრად გამოაცხადა. ის რუსეთის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ 1999-2002 წლებში  ჩეჩნეთის ომში იბრძოდა, ამის შემდეგ კი დაუფარავად უჭერდა მხარს ჩეჩენ სეპარატისტებს. 2012 წელს ლოპოტის ხეობაში მომხდარი ინციდენტის დროს ისლამისტებსა და საქართველოს უშიშროების ძალებს შორის მოლაპარაკებაში იყო ჩართული.

ხანგოშვილს საქართველოში ორჯერ დაესხნენ თავს - მათ შორის 2015 წელს, თბილისში, თუმცა ის ორივე შემთხვევის დროს გადარჩა. მუქარებისა და მკვლელობის მცდელობის შემდეგ ზელიმხან ხანგოშვილი ოჯახთან ერთად გერმანიაში გაემგზავრა და პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა.

საქმის ძიების დროს აღმოჩენილმა მტკიცებულებებმა გააჩინა ვარაუდის საფუძველი, რომ მკვლელობაში ეჭვმიტანილი რუსეთის სპეცსამსახურებთან არის დაკავშირებული. სწორედ ამიტომ, გერმანიის ფედერალურმა პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება, საქმე  გამოსაძიებლად თავად გადაიბაროს. ამის შესახებ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით Reuters წერს, თუმცა წყაროს იდენტიფიცირებისგან თავს იკავებს.

კრემლმა მკვლელობასთან კავშირი კატეგორიულად უარყო. „როიტერსი“ წერს, რომ საქმის ფედერალური პროკურატურის მიერ გადაბარებამ, შესაძლოა, კიდევ უფრო გაამძაფროს დაძაბულობა გერმანიასა და რუსეთს შორის.

დღის ამბები