30 ნოემბერი 2024,   10:31
ვრცლად
"მინდა მათგან მოვისმინო რა ტიპის ზეწოლაზეა საუბარი" - ომბუდსმენი აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტებს შეხვდება

აჭარის ტელევიზიაში დაპირისპირება გრძელდება. თანამშრომლების ნაწილი ხელმძღვანელობას ბრალდებებს უყენებს და სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის მცდელობაზე საუბრობს. ბათუმში სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ჩავიდა. ომბუდსმენი ჟურნალისტებთან შეხვედრას გეგმავს და აპირებს, მათგან მოისმინოს - კონკრეტულად რას აპროტესტებენ თანამშრომლები და რა სახის ზეწოლებზეა საუბარი. 

არ არის გამორიცხული, ნინო ლომჯარია აჭარის ტელევიზიის ახლადარჩეულ ხელმძღვანელსაც შეხვდეს. 

"ეს არ არის კერძო ტელეკომპანია და იქ მიმდინარე პროცესები გავლენას ახდენს ზოგადად, საქართველოში მედიათავისუფლების შეფასების თვალსაზრისით. ამიტომ, ძალიან საგანგაშო ინფორმაციას ავრცელებენ ჟურნალისტები, ჩემი აქ ჩამოსვლის ერთ-ერთი მიზანი იყო,  პირადად შევხვედროდი აჭარის მაუწყებლის ჟურნალისტებს, მათგან მოვისმინო რა ტიპის ზეწოლაზეა საუბარი," - აცხადებს ნინო ლომჯარია. 

აჭარის ტელევიზიის თანამშრომლების ნაწილი ხელმძღვანელობას ბრალდებებს უყენებს და სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის მცდელობაზე საუბრობს. დღეს ჟურნალისტებმა განცხადება გაავრცელეს.

"ნუ ჩაერევი", "გვისმინეთ რადიოში და არა ტელეფონზე" - ამ შინაარსის წარწერებით აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომლები ახლადარჩეულ ხელმძღვანელს, გიორგი კოხრეიძეს მიმართავენ. ისინი ბათუმში, ტელევიზიის შენობასთან შეიკრიბნენ და აქცია გამართეს. 

"აქ ჩვენ ერთი ვიღაცის წინააღმდეგ არ დავდექით, აქ ჩვენ დავდექით რაღაცის წინააღმდეგ. ეს რაღაცა არის შიში, რომ არ დავკარგოთ სარედაქციო დამოუკიდებლობა და ის თავისუფლება, რაც გვაქვს“ - აცხადებს ჟურნალისტი მარი ბოლქვაძე.

 

 

 

დღის ამბები