ხელოვნების სასახლეში, ქართველი მხატვრისა და სცენოგრაფის სოლიკო ვირსალაძის შემოქმედების ამსახველი ორენოვანი კატალოგის პრეზენტაცია გაიმართება.
კატალოგის პრეზენტაციასთან ერთად, ხელოვნების სასახლეში, "თეთრი ნიმფების დარბაზში" კოსტიუმი საგულდაგულოდ შემოაბრძანეს, ხელით სათუთად შეუსწორეს მარგალიტებით შემკული გულმკერდი და საპატიო ადგილიც მიუჩინეს. ქართველი მხატვრისა და სცენოგრაფის სოლიკო ვირსალაძის კოსტიუმი, რომელიც ცეკვა "სადარბაზოსთვის" შეიქმნა ხელოვნების სასახლეში მისი შემოქმედების ამსახველი კატალოგის პრეზენტაციისთვის გამომზეურდა. ფერთა სიმფონიის დიდოსტატის ახალ ორენოვან კრებულში თავი მოიყარა სცენოგრაფის სრულმა შემოქმედებითმა მემკვიდრეობამ, მათ შორის მოხვდა ისეთი გამორჩული ნამუშევრებიც, რომელიც ამ დრომდე ქართული ნაციონალური ბალეტის - "სუხიშვილების" პირად კოლექციაში ინახებოდა.
სოლიკო ვირსალაძე, რომელიც ათწლეულები ქართულ ცეკვას მოსავდა განსაკუთრებული ეპოქა შექმნა კოსტიუმების ისტორიაში. "სუხიშვილებისთვის" მეგობრულად შექმნილი რამდენიმე ესკიზის შემდეგ, ვირსალაძე უცვლელი მხატვარი გახდა ქართული ნაციონალური ბალეტის. ესკიზების განხორცილებას თითქმის არავის არ ანდობდა და თითოეული კოსტიუმით მოცეკვავის შემოსვას თავად აკონტროლებდა. კატალოგში მოხვდა აჭარული "განდაგანაც," რისთვისაც ქამარი პირველად სოლიკო ვირსალაძემ შემოიტანა და სამუდამოდ დატოვა აჭარელი ქალის კოსტიუმში.
თამარის კაბაც საცავიდან ამ გამოცემის აღსანიშნავად გამობრძანდა. მეფის სამოსელის აღსადგენად ვირსალაძეს მთელი საქართველო შემოუვლია, რათა შემორჩენილი ფრესკებიდან შეესწავლა თამარის ჩაცმულობა. მხატვარი ვარაუდობდა, რომ თამარის კაბა, ძვირფასი თვლებით უნდა ყოფილიყო მორთული, რადგან მას მხოლოდ საზეიმო დღეებში აცმევდნენ. სოლიკო ვირსალაძის მიერ შექმნილ თამარ მეფის კაბას ანდალუსიური მარგალიტები ამშვენებს და მისი ნახვა ხელოვნების სასახლის გარდა უკვე მხატვრის ახალ კატალოგშიც არის შესაძლებელი.
ავტორი: სალომე თარხნიშვილი