30 ნოემბერი 2024,   10:30
ვრცლად
ბურჯანაძე მოსკოვში და პროტესტის ნიშნად გაერთიანებიდან წასული თაკო ჩარკვიანი - რას ფიქრობს და გეგმავს ოპოზიცია

თაკო ჩარკვიანმა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით შექმნილი ოპოზიციური პარტიების გაფართოებული ფორმატი დატოვა. მიზეზი ნინო ბურჯანაძის მოსკოვში ვიზიტი გახდა, რაც ჩარკვიანის თქმით, მისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. მაშინ როდესაც ოპოზიციამ უპრეცედენტო ერთობა შეძლო, "კანონისა და სამართლის" დამფუძნებელი თვლის, რომ "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერის ნაბიჯი მოღალატეობრივი იყო. ჩარკვიანი ამბობს, რომ ნინო ბურჯანაძეს ვიზიტი მინიმუმ პროცესების დასრულებამდე უნდა გადაედო.

ნინო ბურჯანაძის მოსკოვში ვიზიტი სიურპრიზი აღმოჩნდა ოპოზიციის სხვა ლიდერებისთვისაც. საპარლამენტო ოპოზიციაში ამბობენ, რომ ბურჯანაძის საგარეო ორიენტირი ახალი არ არის, თუმცა შექმნილ ვითარებაში ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. პოლიტიკოსებისთვის პრიორიტეტული საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ოპოზიციის ერთიანობა და ბრძოლის გაგრძელებაა.

ამავე აზრზეა გაერთიანებული ოპოზიციის წევრი სხვა პარტიებიც. არასაპარლამენტო ოპოზიციაში ამბობენ, რომ თაკო ჩარკვიანის ემოციურად ესმით, თუმცა ახლა ბურჯანაძეზე განაწყენების დრო არ არის. ოპოზიციის გეგმები უცვლელია, გაფართოებულ ფორმატში ისინი საარჩევნო ცვლილებებისათვის ნინო ბურჯანაძესთან ერთად მოსკოვში ვიზიტის მიუხედავად იმუშავებენ.

რატომ წავიდა პარტიის ლიდერი მოსკოვში კონკრეტულად ახლა – ნინო ბურჯანაძის თანაგუნდელებს საკუთარი ახსნა აქვთ. "დემოკრატიულ მოძრაობაში" ამბობენ, რომ ვიზიტი გაცილებით ადრე იყო დაგეგმილი და ის ვერ გადაიდებოდა. პარტიაში ირწმუნებიან, რომ ოპოზიციის ლიდერების ნაწილი ბურჯანაძის მოსკოვში ვიზიტთან დაკავშირებით ინფორმირებული იყო.

მოსკოვში ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის მოულოდნელ ვიზიტს მმართველ გუნდშიც გამოეხმაურნენ. უმრავლესობაში ეჭვობენ, რომ ბურჯანაძე მოსკოვში იმიტომ წავიდა, რათა რუსეთის ხელისუფლებას ოპოზიციის სახელით დახმარებისთვის მიმართოს.

ნინო ბურჯანაძე შვილთან ანზორ ბიწაძესთან ერთად მოსკოვში გამთენიისას გაემგზავრა, ოფიციალური ინფორმაციით, ის რუსეთის ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდება. ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გარდა, პარტიის ინფორმაციით ბურჯანაძე ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების საქმეზეც ისაუბრებს.

დღის ამბები