30 ნოემბერი 2024,   10:42
ვრცლად
რუსეთის კვალი ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში - მკვლელი რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობს

ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელი 54 წლის ვადიმ კრასიკოვია. მისი ვინაობა გამომძიებელმა ჟურნალისტებმა დაადგინეს. "ბელინგქეთის" და "ინსაიდერის" ინფორმაცით, ის გერმანიაში ვადიმ სოკოლოვის სახელზე გაცემული პასპორტით ჩავიდა. ჟურნალისტებმა ასევე გაარკვიეს, რომ კრასიკოვს რუსეთი მკვლელობისთვის ინტერპოლის წითელი ცირკულარით ეძებდა. გამომძიებლები ამტკიცებენ რომ 2013 წელს კრასიკოვმა ყაბარდო-ბალყარეთში ბიზნესმენი იმავე მეთოდით მოკლა, როგორც ბერლინში ხანგოშვილი. ის მსხვერპლთან ველოსიპედით მივიდა, და ორჯერ ესროლა. ამის შემდეგ რუსეთის პოლიციამ მასზე ძებნა გამოაცხადა, თუმცა 2 წელიწადში ძებნა შეწყვიტა.

"ჩვენ დავადგინეთ ეჭვმიტანილის ვინაობა, რაც იმას ნიშნავს, რომ გერმანიის პროკურატურა დაიწყებს ამ ინფორმაციის გამოძიებას. საქმიდან ჩანს, რომ მკვლელობის უკან რუსეთი დგას. ამ მიმართულებით მითქმა-მოთქმა ყოველთვის იყო, თუმცა ახლა რუსეთის კვალზე საუბარი რეალურია. მკვლელი რუსეთში იძებნებოდა, მაგრამ მას ძებნილის სტატუსი მოუხსნეს. ის პოლონეთიდან ბერლინში გადავიდა. გერმანიის პროკურატურაში ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებიათ," - აცხადებს ჟურნალისტი სილვია შტობერი.

იმას, რომ გერმანიის პოლიციის შემდეგ, ახლა საქმის გამოძიება ქვეყნის ფედერალურმა პროკურატურამ დაიწყო, ადასტურებს ზელიმხანის ძმა ზურაბ ხანგოშვილი.

ზელიმხან ხანგოშვილის საქმე შესაძლო დასავლეთსა და რუსეთს შორის დაპირისპირების მორიგი მიზეზი გახდეს. დასავლური მედიასაშუალებები "ხანგოშვილის საქმესა" და "სკრიპალების საქმეს" შორის პარალელს ავლებენ. ისევე როგორც სოლსბერიში, ბერლინშიც თავდასხმა რუსეთის სპეცსამსახურებმა დაგეგმეს. გამოძიების ავტორების ვარაუდით, ინტერპოლის წითელი ცირკულარით კრასიკოვზე ძებნა იმიტომ შეწყდა, რომ მან რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობა დაიწყო.

ხანგოშვილის მკვლელობაში რუსეთის კვალზე საუბრობენ პანკისის ხეობაშიც.

ზელიმხან ხანგოშვილი ბერლინის ცენტრში 23 აგვისტოს მოკლეს. პოლიციამ მკვლელობის ბრალდებით რუსეთის მოქალაქე დააკავა, რომლის ნამდვილი ვინაობაც აქამდე უცნობია.

დღის ამბები