30 ნოემბერი 2024,   10:36
ვრცლად
"ეს იქნება შეუქცევადი პროცესი, რაც დაშლის "ქართულ ოცნებას" - ოპოზიცია ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებაზე

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან წასვლას, დეპუტატები აფასებენ. საკრებულოს ოპოზიციაში თვლიან, რომ ნიკოლოზ ლატარიას გადაწყვეტილება, ბოლო დროს ქუთაისში განვითარებულ პროცესებს უკავშირდება.

"მიუხედავად პოლიტიკური განსხვავებების, ნიკა ლატარია არის ადამიანი რომელსაც ქალაქიც უყვარდა და ცდილობდა საკრებულო ნორმალურ კალაპოტში ყოფილიყო და კიდევ კარგახანს გაძლო იმ ადამიანებთან, რომლებიც ხელისუფლებაში არიან მოკალათებულნი. ქალაქის მერის თამადობით, იმ საკრებულოს წევრებთან ერთად, კვერცხებით და საღებავებით, რომ დარბიან ქალაქში, რა თქმა უნდა, რთულია ამ ადამიანებთან მუშაობა,"- აცხადებს ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, გიგა შუშანია.

"ეს იქნება შეუქცევადი პროცესი, საკრებულოს წევრების გამოსვლა უმრავლესობიდან რაც დაშლის აუცილებლად "ქართულ ოცნებას". ეს არის პროცესი დაწყებული, რომელიც მივა თავის ლოგიკურ დასკვნამდე,"- უთხრა "კურიერს" "თავისუფალი საქართველოს" თანათავმჯდომარე გოგი წულაიამ.

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარემ ნიკოლოზ ლატარიამ თანამდებობის დატოვების შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა.

ლატარია განმარტავს, რომ თანამდებობიდან წასვლა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს არ უკავშირდება. ამ დროისთვის ლატარია მედიასთან კომენტარს არ აკეთებს.

დღის ამბები