ოპოზიციური პარტიის ლიდერების ნაწილის განცხადებით, ის რომ "ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე ვიზიტით მოსკოვში დადის სიახლე არავისთვის არ არის.
გარდა ამისა, ოპოზიციაში აცხადებენ, რომ აღნიშნული ფაქტი არაფერს ცვლის, რადგან დღეს ოპოზიციური სპექტრი, ერთი კონკრეტული პოლიტიკური ძალის წინააღმდეგ არის გაერთიანებული.
"ყველამ იცის, რომ იმ გაერთიანებაში არის ხალხი, რომლესაც ფუნდამენტურად ფასეულობითი განსხვავებული პოლიტიკური მოსაზრებები აქვს და ახლა აღმოაჩინეს ივანიშვილის პროპაგანდის ორგანოებმა, რომ ნინო ბურჯანაძე მოსკოვში დადის. გაერთიანებაში შეკრებილი ოპოზიციური ძალები თანხმდებიან ერთ თამაშის წესებზე. ზოგადად ასეთი წესი არის, როცა უცხოპლანეტელი შემოგესევა, იქ ყველა ერთიანდება ხოლმე და ეს კაცი ივანიშვილი უცხოპლანეტელია," - განაცხადა "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ.
"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას განცხადებით კი, ამ ვიზიტის შესახებ ოპოზიციაში ინფორმირებული არ იყვნენ.
"ამის შესახებ არც ჩვენ - "ევროპულმა საქართველომ" და არც სხვა ოპოზიციურმა პარტიებმა არ ვიცოდით. ეს არის სუვერენული უფლება ქალბატონი ნინოსა და მისი პარტიის. ჩვენი ამოცანა არ არის ვიღაც თავის ხეთქით გავრიყოთ პოლიტიკური სპექტრიდან, არა სამართლიან, პროპორციულ არჩევნებში უნდა დაამარცხო მათ შორის ბურჯანაძე და ქართული ოცნება, რომელიც კიდევ უფრო მეტად პრორუსულია, ვიდრე რომელიმე სხვა პარტია. პრობლემა არის ხელისუფლებაში, რომელმაც არჩევნები მოიპარა და არა რომელიმე პარტიის კონკრეტულ ქმედებაში," - განაცხადა გიგი უგულავამ.
ნინო ბურჯანაძე დღეს მოსკოვში გაემგზავრა.