პანკისის ხეობაში რამდენიმე დღის წინ მომხდარი მკლელობის შემდეგ სიტუაცია დაძაბულია და სისხლის აღების რეალური საშიშროებაა. საქმეში უხუცესებიც არიან ჩართული.
სწორედ მოკლულის - მუთოშვილის გვარის წარმომადგენლებისგან მიიღო გაფრთხილება პანკისის მაცხოვრებლების ოთხმა გვარმა.
მოკლულის ოჯახთან დღეს მოლაპარაკებები უხუცესების მონაწილეობით დაიწყო. ვისო მუთოშვილის ახლობლებთან სასაუბროდ შუამავალი ქავთარაშვილებმა და იმ 4 გვარის წარმომადგენლებმა გაგზავნეს, რომლებიც ინციდენტში მონაწილეობდნენ. მთავარი გზავნილი დღეს ამ ოთხ გვართან მორიგება იყო.
მოკლულის ოჯახი ამ ეტაპზე მხოლოდ იმას დათანხმდა, რომ მოლაპარაკების მომდევნო რაუნდი შედგება და დაპირისპირებული მხარის შუამავლებს კიდევ ერთხელ შეხვდებიან. მუთოშვილები ტრადიციებზე უარის თქმას არ აპირებენ და ამბობენ, რომ მათი პასუხი ადათობრივი სამართლის აღსრულება იქნება.
მუთოშვილებისგან გაფრთხილება დღეს ქავთარაშვილების გარდა კიდევ სამმა გვარმა მიიღო. ხანგოშვილებს, დუიშვილებს და ალდამოვებს მოკლულის ოჯახი ადათობრივი სამართლის აღსრულებას ჰპირდება.
გვარების შერიგების აუცილებლობაზე საუბრობენ უხუცესები. მათი ნაწილი მხარეებს დიალოგისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ შურისძიება და დაპირისპირება, შესაძლოა, შეუქცევად პროცესებში გადაიზარდოს.
პანკისში მკვლელობა 4 დღის წინ მოხდა. 37 წლის ვისო მუთოშვილს ორი ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით მიაყენეს. დაიჭრა 3 პირი. პოლიციამ მკვლელობის საქმეზე 2 ეჭვმიტანილი, არბი ქავთარაშვილი და რამაზ ხანგოშვილი, დააკავა.
საქმეზე გამოძიება ორი, მკვლელობისა და იარაღის უკანონო ტარების, მუხლით მიმდინარეობს.