30 ნოემბერი 2024,   10:23
ვრცლად
შეუჩერებს თუ არა პარლამენტი ნიკა მელიას დეპუტატის მანდატს

ნიკა მელიასთვის მანდატის შეჩერების შემთხვევაში მისი ადგილმონაცვლე ბადრი ბასიშვილი იქნება. 

იმუნიტეტის შემდეგ, ნიკა მელიამ შესაძლოა მანდატიც დაკარგოს, თუმცა მმართველ პარტიას ურჩევენ, სასამართლოს სხვა ინსტანციების გადაწყვეტილებას დაელოდოს. პირველმა ინსტანციამ კი, "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ორიდან ერთ ეპიზოდში გაამტყუნა.

25 ათას ლარიანი ჯარიმის გარდა, დამატებით სასჯელად ნიკა მელიას 2 წლითა და 3 თვის ვადით თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოერთვა.

7 წლიანი განხილვის შემდეგ სასამართლომ დაადგინა, რომ ნიკა მელიას "ქართუ ბანკის" საქმეზე ქონების თვალთმაქცურად გადამალვა არ უმტკიცდება. ის დამნაშავედ მხოლოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ნაწილში ცნეს, თუმცა სასჯელი არასაპატიმროა.

დღეს პირველივე შეფასებისას ნიკა მელია ამბობდა, რომ მთავარი მიზანი სწორედ მისი საქმიანობის ხელშეშლა იყო. ახლა კი მისი ვარაუდით, მმართველი გუნდის შემდეგი ნაბიჯი მისი საპარლამენტო მანდატის გაუქმება იქნება.

მმართველი პარტიის ლიდერებმა რეგლამენტი განმარტეს - რა ხდება მაშინ, როდესაც პარლამენტის მოქმედი წევრი სისხლის სამართლის დანაშაულშია მსჯავრდებული. საპარლამენტო უმრავლესობა ნიკა მელიას მანდატის გაუქმების საკითხზე 15 დღის ვადაში იმსჯელებს.

პარლამენტშიც და პარლამენტს მიღმაც ოპოზიციონერი ლიდერები ფიქრობენ, რომ მელიასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მთლიანად პოლიტიკურ ნებაზე იქნება დამოკიდებული.

მანდატის შეჩერება ან ვადის ამოწურვამდე მუშაობის გაგრძელების შესაძლებლობა - ამ ორ ვარიანტს შორის არჩევანის გაკეთებამდე მმართველ გუნდს სამომავლო რისკებზე მიანიშნებენ.

სასესიო დარბაზში ნიკა მელია ერთხელ უკვე მარტო იჯდა, როდესაც უმრავლესობის გადაწყვეტილებას კოლეგა ოპოზიციონერი დეპუტატების გარეშე დაელოდა. მაშინ "ქართულმა ოცნებამ" ხმა მისცა, რომ 20 ივნისის საქმეზე პროკურატურას მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესაძლებლობა მისცემოდა. ამჯერად უფლებამოსილების შეზღუდვის საფუძველი შესაძლოა "ქართუ ბანკის" საქმეზე დღეს გამოტანილი განაჩენი გახდეს.

დღის ამბები