30 ნოემბერი 2024,   10:35
ვრცლად
შეიწყალებს თუ არა პრეზიდენტი დეკანოზს - პრეზიდენტის ადმინისტრაცია ზეწოლას უარყოფს და განცხადებას ავრცელებს

დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების საკითხი ისევ ბუნდოვანია. პრეზიდენტის ადმინისტრაციამ რამდენიმე წუთის წინ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ შუამდგომლობა საპატრიარქოდან 8 ნოემბერს მიიღეს.

მამალაძის ადვოკატის ვარაუდით, პრეზიდენტი ზურაბიშვილი გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად ვერ მიიღებს და მას საპატრიარქოს და ხელისუფლების პოზიციის გათვალისწინებაც მოუწევს.

წმინდა სინოდმა პრეზიდენტს დეკანოზის გათავისუფლების შუამდგომლობით მხოლოდ მას შემდეგ მიმართა, რაც  მამალაძის ხმაურიანი შინაარსის წერილის გასაჯაროებასთან დაკავშირებით  საუბარი დასრულდა.

როგორც საპატრიარქოს პრესსამსახურში აღნიშნავენ, ყოველ ჯერზე, როდესაც მაღალი იერარქიის სასულიერო პირები მამალაძის შეწყალებაზე მუშაობას იწყებდნენ, პროცესის შეწყვეტის მიზეზი მსჯავრდებულის გარემოცვა ხდებოდა.

საპატრიარქოს პრესსამსახურის განცხადებას პატიმრობაში მყოფი დეკანოზის გარემოცვის ერთ-ერთი წევრი, ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი მეუფე პეტრე ცაავა გამოეხმაურა. მეუფე პეტრე მიიჩნევს, რომ საპატრიარქოს მიერ დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების გადაწყვეტილება, ხელისუფლებასთან შეთანხმებული თამაშის ნაწილია.

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა საპატრიარქოს მათ მიერ გაკეთებულ ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს ახსენებს, როდესაც ილია მეორის გარემოცვამ, წლების წინ, პროკურატურას გიორგი მამალაძის საქმეზე ნდობა გამოუცხადა, განაჩენის მიღების შემდეგ კი დეკანოზის შესაძლო დანაშაულთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები გაუჩნდათ. გოჩა მირცხულავა თვლის, რომ სალომე ზურაბიშვილმა გადაწყვეტილება სტრასბურგის განხილვების დაწყებამდე უნდა მიიღოს.

დაპატიმრებული დეკანოზის ადვოკატის მოსაზრებით, სალომე ზურაბიშვილი გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ,  დამოუკიდებლად ვერ მიიღებს. მიხეილ რამიშვილი არ გამორიცხავს, რომ პრეზიდენტმა იმ პირების პოზიცია გაითვალისწინოს, რომლებსაც დეკანოზის გათავისუფლება არ სურთ.

პრეზიდენტის ადმინისტრაცია სპეკულაციას უწოდებს საუბარს, თითქოს პრეზიდენტზე სხვადასხვა მიმართულებით ზეწოლა მიმდინარეობს. ამის შესახებ განცხადება ადმინისტრაციამ დღის ბოლოს გაავრცელა, რომლის მიხედვითაც საპატრიარქოს სამდივნომ სალომე ზურაბიშვილს შეწყალების შუამდგომლობით 8 ნოემბერს მიმართა.

ამავე განცხადებაში ნათქვამია, რომ მსჯავრდებულთა საქმეების განხილვა შეწყალების ახალი წესით მიმდინარეობს. თავად სალომე ზურაბიშვილი კამერებთან კვლავ დუმილს ამჯობინებს.

დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების მოთხოვნის თაობაზე წმინდა სინოდი 31 ოქტომბერს შეთანხმდა.

ირკვევა, რომ საქართველოს საპატრიარქომ  პრეზიდენტს წერილით 23 ნოემბრამდე მიმართა, თუმცა სალომე ზურაბიშვილმა მორატორიუმი არ დაარღვია და დეკანოზი მამალაძე გიორგობის დღესასწაულზე არ შეიწყალა.

დღის ამბები