30 ნოემბერი 2024,   10:25
ვრცლად
"ხელისუფლება ახალგაზრდების წიხლებით საცემად საჯარო მოხელეებს იყენებს" - ირმა ნადირაშვილი 

"ევროპული საქართველოს" წევრი ირმა ნადირაშვილი მცხეთის მერიასთან მომხდარ დაპირისპირებაზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს.

ნადირაშვილი მიიჩნევს, რომ ხელისუფლება სამოქალაქო მოძრაობის წევრების წინააღმდეგ საჯარო მოხელეებს იყენებს. 

"ჩვენი ჯიბიდან დაფინანსებულ საჯარო მოხელეებს იყენებს ახალგაზრდების წიხლებით საცემად. ვფიქრობ, რომ ეს ხელისუფლება უმკაცრესად უნდა დაისაჯოს. ხალხის დაპირისპირებაა ის ჩიხი, საიდანაც ბიძინა ივანიშვილი გამოსვლას ვერ შეძლებს,"- განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ მცხეთის მერიასთან მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების შედეგად მოძრაობა "გაბედეს" ორი აქტივისტი თავისა და სახის მიდამოებში მიღებული დაზიანებებით მცხეთის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

იქამდე, მოძრაობა "გაბედეს" წევრები მცხეთის მერიასთან მივიდნენ და მაჟორიტარ დეპუტატ დიმიტრი ხუნდაძესთან შეხვედრას ითხოვდნენ, რა დროსაც მათ მცხეთის მერი, გიორგი კაპანაძე და "ქართული ოცნების" მხარდამჭერები დაუპირისპირდნენ. 

დაპირისპირება ფიზიკურ და სიტყვიერ ურთიერთშეურაცხყოფაში გადაიზარდა, რის შედეგადაც პოლიციამ მოძრაობა "გაბედეს" 4 წევრი და "ქართული ოცნების" 3 მხარდამჭერი დააკავა. 

ამ დროისთვის ყველა დაკავებული ხელწერილის საფუძველზეა გათავისუფლებული. 

ამავე თემაზე
დღის ამბები