30 ნოემბერი 2024,   10:36
ვრცლად
მსოფლიო საშობაო სამზადისშია

დიდი წითელი ვარსკვლავი და ასობით ფერადი ნათურა - მსოფლიოში საშობაო სამზადისია. ბეთლემში 15 მეტრიანი ნაძვის ხე უკვე აანთეს. ქალაქში, სადაც ქრისტე იშვა სადღესასწაულო სეზონი ახალ წლამდე ერთი თვით ადრე დაიწყო.

"არაჩვეულებრივი განწყობა მაქვს. ნაძვის ხე ძალიან ლამაზია. ყველა ბავშვს ვუთხარი აქ რომ მოსულიყვნენ და სადღესასწაულო განწყობა მიეღოთ. შობას გილოცავთ," - განაცხადა ადგილობრივმა.

მანგერის მოედანზე მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ასობით ტურისტი და პილიგრიმი შეიკრიბა. ნაძვის ხის განათების ტრადიციულ ცერემონიას პალესტინის პრემიერი და მთავრობის წარმომადგენელები დაესწრნენ.

"ოჯახები შვილებთან ერთად უნდა ჩამოვიდნენ ბეთლემში და ნახონ ნაძვის ხე. მათ სადღესასწაულო განწყობით სიამოვნება უნდა მიიღონ, რადგან ეს არის სწორედ ის ადგილი სადაც ქრისტე დაიბადა. შესანიშნავი ატმოსფეროა," - აღნიშნა მუსიკოსმა მარლინ დააბულიმ.

საშობაოდ ბიბლიურმა ქალაქმა რომის პაპისგან საჩუქარი მიიღო - ბეთლემს ახალშობილი ქრისტეს ხის აკვნის ნაწილი ათას წელზე მეტი ხნის შემდეგ დაუბრუნდა. რელიქვია რომში მეშვიდე საუკუნიდან ინახებოდა.

სანტა-კლაუსების ყველაზე დიდი შეკრება გაიმართა გერმანიაში. 70 სანტა პატარებისთვის განწყობის შექმნასა და გინესის რეკორდების წიგნში მოხვედრას შეეცდება.

"ძალინ დიდი სიამოვნებაა ბავშვების მოციმციმე თვალების ყურება. ჩვენი საქმიანობა მთელი გულით მუშაობას მოითხოვს. ისე არაფერი გამოვა. მე ჩემი საქმე ძალიან მომწონს," - აღნიშნა სანტა-კლაუსმა რუდი სონლეინტნერმა.

საშობაო სამზადისია ევროპის ქვეყნებში. დიდ თუ პატარა ქალაქებში საშობაო ბაზრობები უკვე გაიხსნა. გერმანიის ქალაქი ნიურნბერგი წელს დაახლოებით 2 მილიონ სტუმარს ელოდება. მათ საშუალება აქვთ შეიძინონ საახალწლო სათამაშოები და აქსესუარები. დააგემოვნონ ადგილობრივი სამზარეულო და ტკბილეული.

ახალი წლისთვის ემზადებიან საფრანგეთშიც. გაიხსნა ქვეყნის უძველესი სტრასბურგის ბაზრობა, სადაც თავს ათასობით ტურისტი იყრის. სტუმრებს ბაზრობაზე ფრანგულ ტკბილეულს, ხელნაკეთ აქსესუარებსა და დეკორაციებს სთავაზობენ.

"კარგი ამინდია. აქ ულამაზესი არქიტექტურაა. ბაზრობაზე ხალხი ძალიან მეგობრულია. კარგ დროს ვატარებთ. არაჩვეულებრივი ატმოსფეროა," - აღნიშნა ტურისტმა სიგრიდ ბრიტონიმ.

გრანდიოზული ნაძვის ხე დადგეს ლისაბონში, საშობაოდ განსაკუთრებულად გაანათეს პარიზი და ლონდონი.

 

დღის ამბები