პანკისში მომხდარი მკვლელობა გახსნილია. პოლიციას ეჭვმიტანილების დასაკავებლად 3 დღე დასჭირდა. სამართალდამცველებმა 2 ახალგაზრდა დააკავეს. ისინი ნათესავები არიან.
პოლიციამ დაკავების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა, მაგრამ ამ დრომდე უცნობი რჩება ოფიციალური ვერსია, რა გახდა მკვლელობის მოტივი.
შვილს უდანაშაულოდ მიიჩნევს პანკისში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული არბი ქავთარაშვილის დედა. ლეილა გაურგაშვილი ამტკიცებს, რომ არბი ქავთარაშვილი მუთოშვილებთან სასაუბროდ ბიძას, მურად ქავთარაშვილს გაჰყვა და ვისო მუთაშვილის მკვლელობაში მონაწილეობა არ მიუღია.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლიან დაპირისპირებაში მონაწილეობისთვის ქავთარაშვილთან ერთად 29 წლის რამაზ ხანგოშვილიც დააკავა. ორივე მათგანს გამოძიება მკვლელობას და იარაღის უკანონო ტარებას ედავება.
სამი დღის წინ პანკისში, სოფელ საკობიანოსთან მომხდართან დაკავშირებით განსხავებული ვერსიები აქვთ მუთოშვილებისა და ქავთარაშვილების გვარების წარმომადგენლებს.
გარდაცვლილი ვისო მუთოშვილის ნათესავები დაპირისპირებას ჰესის მშენებლობას უკავშირებენ. მუთოშვილები გლოვის დასრულების შემდეგ დაპირისპირებულ გვართან ანგარიშსწორებას არ გამორიცხავენ.
მკველელობის მოტივად ჰესის მშენებლობის ან გვარებს შორის დაპირისპირებას გამორიცხავენ კონფლიქტის შედეგად დაჭრილი მურად ქავთარაშვილის ნათესავები. როგორც ქავთარაშვილის ძმის ცოლი "კურიერთან" ჰყვება, კონფლიქტი ტარიელ მუთოშვილის ოჯახსა და მურად ქავთარაშვილს შორის პირად თემაზე მოხდა.
ე.წ. მთის ვენდეტის თავიდან ასარიდებლად გვარებს შორის მოლაპარაკების აუცილებლობაზე საუბრობენ სასულიერო პირები და ხეობის უხუცესები. მათი თქმით, მუთოშვილების გვართან აქტიური მოლაპარაკებები გარდაცვლილის ოჯახში გლოვის დასრულების შემდეგ დაიწყება.
სისხლიანი დაპირისპირება პანკისის ხეობაში 27 ნოემბერს მოხდა. ორმხრივი სროლის შედეგად 37 წლის ვისო მუთოშვილი გარდაიცვალა, ორი მამაკაცი კი მძიმედ დაიჭრა. საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტრო განზრახ მკვლელობის მუხლით იძიებს.