30 ნოემბერი 2024,   10:45
ვრცლად
ცოცხები, კვერცხები და საღებავი - "ქართული ოცნების" მხარდამჭერების პასუხი ოპოზიციის პროტესტზე

ქუთაისში "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს შორის ხმაური და დაპირისპირება დღის პირველ საათზე დაიწყო. ოპოზიციის პროტესტის საპასუხოდ "ქართული ოცნების" წევრები და მხარდამჭერები თეთრ ხიდზე შეიკრიბნენ და გაერთიანებული ოპოზიციის ოფისში მსვლელობით მივიდნენ.

აქციის მონაწილეებმა გაერთიანებული ოპოზიციის ოფისში შეჭრაც სცადეს, რისი საშუალებაც მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს. მათ შენობას კვერცხები და საღებავები დაუშინეს.

მმართველი გუნდის მხარდამჭერებმა გაერთიანებული ოპოზიციის ოფისიდან "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან გადაინაცვლეს. შენობას აქაც კვერცხები და ცოცხები დაუშინეს, რასაც ადგილზე სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. სამართალდამცველები ორ პარტიას შორის არსებული კონფლიქტის განმუხტვას რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობდნენ. დაპირისპირების შედეგად არავინ დაშავებულა.

ოფისთან მიმდინარე ხმაურსა და დაპირისპირებას ადგილზევე გამოეხმაურა გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერი გრიგოლ ვაშაძე, რომელმაც მომხდარს მმართველი გუნდის მიერ დადგმული სპექტაკლი უწოდა.

კიდევ ერთი პრესკონფერენცია ქუთაისის მოვლენებზე თბილისში გაიმართა. გიორგი ვაშაძემ ოფისის შენობის ფასადის დაზიანებაში მერიის თანამშრომლები დაადანაშაულა და მათი პასუხიმგებლობაში მიცემა მოითხოვა.

მიუხედავად "ქართული ოცნების" წევრების მუქარისა, რომ ისინი ოპონენტებს ქუთაისში საპროტესტო აქციის ჩატარების უფლებას არ მისცემენ, გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერებმა ქუთაისში მშვიდობიანი მიტინგის გამართვა მომდევნო კვირას დაანონსეს.

 

 

დღის ამბები