30 ნოემბერი 2024,   10:42
ვრცლად
"ქართული ოცნების" ხელისუფლებამ ჩაატაროს არჩევნები და წავიდეს სახლში" - ბაჩუკი ქარდავა

ოპოზიციური პარტიის ლიდერები ქუთაისში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურნენ, რა დროსაც "ქართული ოცნების" მხარდამჭეერები "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან მივიდნენ და კვერცხები ესროლეს. დაპირისპირებული მხარეების განეიტრალება პოლიციის დახმარებით მოხდა.

ოპოზიციონერ ლიდერებს არ სჯერათ, რომ ეს ხალხის პროტესტია. მათივე შეფასებით, ქუთაისში მომხდარი ფაქტი ადასტურებს, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლება აგონიაშია.

"ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის" თავმჯდომარის ბაჩუკი ქარდავას თქმით,  ხელისუფლებას ისღა დარჩენია  არჩევნები ჩაატაროს და  სახლში წავიდეს.

"რაც დღეს ქუთაისში ხდება, არის დანაშაული და უდიდესი შეცდომა, მე აქამდე არ მინახავს ხალხის დაპირისპირებით გამარჯვებული ხელისუფლება. ეს არის კიდევ ერთი ნიშანი იმისა, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ ჩაატაროს არჩევნები და წავიდეს სახლში, " - განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.

პარტია "კანონი და სამართალის" თავმჯდომარის თაკო ჩარკვიანის თქმით, პასუხისმგებლობა ყოველთვის, ნებისმიერი გუნდის მმართველობის დროს ხელისუფლებას ეკისრებ .

"ნებისმიერი ხელისუფლების დროს, გამსახურდია იყო თუ შევარდნაძე იყო, მთელს მსოფლიოში ეს პრაქტიკაა, რომ ხელისუფლებას ეკისრება მთელი პასუხისმგებლობა, როდესაც კონტრაქციებზე გადადიხარ, ხელს უწყობ ადამიანთა შორის უხერხულობის ჩამოვარდნას," - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

"საქართველოს ევროპელი დემოკრატების" თავმჯდომარე პაატა დავითაია აღნიშნავს, რომ ქუთაისში აქციას საჯარო მოხელეები მართავენ.

"გაბრაზებულები არიან სახელმწიფო მოხელეები, გაბრაზებულები არიან ახალგაზრდები და გაბრაზებულები არიან საერთაშორისო პარტნიორები, თორემ ქუთაისში დღეს დგანან საჯარო მოხელეები,"  - განაცხადა პაატა დავითაიამ.

პოლიტიკური მოძრაობა "გამარჯვებული საქართველოს"  წევრის კოტე კემულარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი პოლიციას დროებით ასვენებს.

"პოლიცია ჩაანაცვლა ახლა ბიძინამ თავისი აიპებით, საკრებულოს წევრებით, დაფინანსებული ჯგუფებით და ზონდერებით, რომლებიც დღეს ცოტა ხნით ასვენებენ პოლიციას,"  - განაცხადა კოტე კემულარიამ.

დღის ამბები