30 ნოემბერი 2024,   10:24
ვრცლად
პოლიციამ პანკისის ხეობაში მომხდარი მკვლელობის ფაქტი გახსნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ახმეტის მუნიციპალიტეტში, შეიარაღებული დაპირისპირებისას, 1982 წელს დაბადებული ვ.მ.-ს განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნეს.

უწყების ცნობით, დაკავებულია 2 პირი - 21 წლის არბი ქავთარაშვილი და 29 წლის რამაზ ხანგოშვილი.

"ამ ეტაპზე, საქმეზე გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლების კვალიფიკაციით, რაც განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს," - ნათქვამია განცხადებაში.

მკვლელობა პანკისში 3 დღის წინ მოხდა. ვისირი მუთოშვილს ორი სასიკვდილო ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით მიაყენეს. დაიჭრა 3 პირი, მათგან 2-ი ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება. მოტივთან დაკავშირებით, მოკლულის და დაკავებულების ოჯახებს ურთიერთგამომრიცხავი ვერსიები აქვთ. მუთოშვილები ირწმუნებიან, რომ გვარებს შორის დაპირისპირება ჰესის მშენებლობის გამო დაიწყო, ქავთარაშვილები კი ამტკიცებენ, რომ ჰესი და გვარები არაფერ შუაშია. მათი ინფორმაციით, ორ კონკრეტულ ოჯახს შორის, გაუგებრობა რამდენიმე თვის წინ მოხდა, რის მერეც მათ შერიგებას უხუცესები ცდილობნენ. გამოძიება ამ ეტაპზე 2 მუხლით გრძელდება, ეს არის განზრახ მკვლელობა და ცეცხლსასროლი იარაღის ტარება.

 

დღის ამბები