06 იანვარი 2025,   10:37
ვრცლად
სლოვაკეთი უარყოფს უკრაინის განცხადებებს "მეორე ფრონტის" გახსნის შესახებ

სლოვაკეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ გაკეთებულ განცხადებებს სოციალურ ქსელში ეხმაურება. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ისინი "მეორე ენერგეტიკული ფრონტის" გახსნის შესახებ გაკეთებულ უსაფუძვლო განცხადებას უარყოფენ.

უწყების ცნობით, ისინი აგრეთვე უარყოფენ ზელენსკის სპეკულაციურ განცხადებებს, ვლადიმირ პუტინთან რაიმე ალიანსში ყოფნასთან დაკავშირებითაც.

"სლოვაკეთის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა სამინისტრო ყურადღებით აკვირდება უკრაინული მხარის განცხადებებს სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის რობერტ ფიცოს კომენტარებთან დაკავშირებით. ეს რეაქციები აღიქმება, როგორც გადაჭარბებული. ჩვენ კატეგორიულად უარვყოფთ ყოველგვარ უსაფუძვლო განცხადებას "მეორე ენერგეტიკული ფრონტის" გახსნის შესახებ, რაზეც სპეკულირებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, ასევე ვუარობთ შეთითხნილ ბრალდებებს ვლადიმირ პუტინთან რაიმე ალიანსში ყოფნას.

ფაქტობრივად, სწორედ ამჟამინდელმა სლოვაკეთის მთავრობამ შეიტანა ერთ-ერთ პრიორიტეტად ენერგოგადამცემი სისტემების ურთიერთკავშირის გაძლიერების პროექტი სლოვაკეთ-უკრაინის თანამშრომლობის საგზაო რუკაში. დიახ, ელექტროენერგიას სლოვაკური კომპანიები კომერციულ საფუძველზე აწვდიან, რადგან მათ არ შესწევთ იმის რესურს, რომ უკრაინის სახელმწიფო დააფინანსონ. კონფლიქტის დაწყების დღიდან, ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში, უკრაინაში დაუცველ და სერიოზულად დაზარალებულ ადამიანებს ჰუმანიტარული დახმარება გავუწიეთ და ამას მომავალშიც გავაგრძელებთ. უფრო მეტიც, საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩვენმა უკრაინელმა კოლეგებმა მხედველობიდან არ უნდა დაკარგონ ის ფაქტი, რომ უკრაინის ტერიტორიით ტრანსპორტირებულ რუსულ გაზს უკრაინისთვის მნიშვნელოვანი შემოსავალი მოაქვს, რაც გადამწყვეტი მნიშვნელობისაა ქვეყნის ეკონომიკისთვის.

ჩვენ სრულად გვესმის, რომ უკრაინა განიცდის გაჭიანურებულ შეიარაღებულ კონფლიქტს, მაგრამ სწორედ ამ მიზეზით მათ თავი უნდა შეიკავონ ახალი მოწინააღმდეგეების გაჩენისგან და "მეორე ფრონტის“ იდეის ფაბრიკაციისგან. ევროკავშირის წევრი ქვეყნები, მათ შორის სლოვაკეთი, უკრაინისა და მისი ხალხის გვერდით დგანან.

ჩვენ მოთმინებით ვადევნებთ თვალს უკრაინის კომუნიკაციებს და პატივისცემის შენარჩუნების ინტერესებიდან გამომდინარე ვმოქმედებთ. თუმცა, უნდა აღვნიშნოთ, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ, ცოტა ხნის წინ, ევროსაბჭოს დეკემბრის სხდომაზე წარმოადგინა აბსურდული წინადადება - "იყიდოს“ სლოვაკეთის თანხმობა ნატოში გაწევრიანებაზე არა უკრაინის საკუთარი რესურსებით (რადგან ასეთი თანხმობა არ იყიდება), არამედ რუსეთისთვის ჩამორთმეული აქტივებით. ახლა ზელენსკი სლოვაკეთს ევროკავშირით ემუქრება, რომლის წევრიც უკრაინა ჯერ არ არის. ამგვარი მიდგომები, შესაძლოა, სწრაფად შემობრუნდეს უკრაინის საწინააღმდეგოდ.

უპირველეს ყოვლისა, სლოვაკეთის რესპუბლიკის მთავრობა ვალდებულია დაიცვას, ჩვენი ქვეყნის, ჩვენი მოქალაქეების და ევროკავშირის სტრატეგიული ინტერესები. ის შესაბამისად იმოქმედებს, მიუხედავად იმისდა, მოიწონებს თუ არა ამას უკრაინული მხარე". - აღნიშნულია განცხადებაში.

დღის ამბები