27 დეკემბერი 2024,   02:07
ვრცლად
"სალომე ზურაბიშვილი და რადიკალური ოპოზიცია საუბრობს, საქართველოს ქარავანი კი მიდის წინ" - შალვა პაპუაშვილი

"სალომე ზურაბიშვილი და რადიკალური ოპოზიცია საუბრობს, საქართველოს ქარავანი კი მიდის წინ," - ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებას, რომ თუკი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ახალი პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციის შემდეგ არ დატოვებს ორბელიანების სასახლეს, მას ფიზიკურად დაიცავენ.

მისივე თქმით, ეს პროცესი არის იმ გეგმის ნაწილი, რომელიც საქართველოში "მაიდანის" განმეორებას ისახავს მიზნად.

"ეს არის ნაწილი ექსტრემიზმის შემოტანისა ქართულ საზოგადოებაში, რასაც ჩვენ ჭარბად ვხედავთ. ეს პროცესი გარედანაა მართული - ამასაც ვხედავთ. ჩვენ ვნახეთ საქართველოში, პარლამენტის წინ მდგომი უცხოელი პოლიტიკოსები, რომლებიც პირდაპირ მოუწოდებდნენ სალომე ზურაბიშვილს და რადიკალური ოპოზიციას, მაიდანის სცენარზე გადართულიყვნენ. შეგახსენებთ შვედეთის ხელისუფლების წარმომადგენელს, პარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეს, რომელსაც არ მოეწონა მშვიდი ვითარება და პირდაპირ შეგვახსენა, რომ მაიდანის სცენარის გათამაშება იქნებოდა კარგი. ვნახეთ შემდეგ, როგორც დაეწყვნენ ამ სცენარზე, როგორ დაასაწყობეს მაშხალები, ჩამოასხეს მოლოტოვის კოქტეილები, როგორ ძალადობდნენ პოლიციელებზე და თავს ესხმოდნენ საქართველოს პარლამენტის შენობას.

ეს არის ნაწილი იმ შეუმდგარი მაიდანისა, რომლის განხორციელებასაც დიდი ხანია, სხვადასხვა საბაბით ცდილობდნენ საქართველოში, მაგრამ ერთ ფაქტორს ვერ ითვალისწინებდნენ - საქართველოს საზოგადოებას და მის დამოკიდებულებას საკუთარი ქვეყნისა და იმ ხალხის მიმართ, ვინც ცდილობს ჩვენი ქვეყანა არიოს. ყოველ ჯერზე მარცხდებოდნენ ქართულ საზოგადოებასთან ჩვენი შიდა თუ გარე არაკეთილმოსურნეები და ამ ჯერზეც, ისინი მარცხდებიან ქართულ საზოგადოებასთან," - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები